ხვიჩა კვარაცხელია, ლევან შენგელია, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

მან მარტომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ შეცვალა - შენგელიამ კვარაზე ისაუბრა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პანეტოლიკოსის’’ ფეხბურთელმა ლევან შენგელიამ ბერძნულ Gazzetta-სთან საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა. ლევანმა 2020 წელი გაიხსენა, როცა ვლადიმირ ვაისის მთავარი მწვრთნელობისას ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად 1 ნაბიჯი დაგვაკლდა, თბილისში ჩრდ. მაკედონიასთან მარცხით ისტორიული შანსი ვერ გამოვიყენეთ.

ლევან შენგელია: „რა თქმა უნდა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ყველას სურვილია. ევროპის ჩემპიონატთან ახლოს ვიყავით, ფლეი-ოფის ფინალში ჩრდ. მაკედონიასთან მარცხი ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო. ყველას გვახსოვს, რასაც ვგრძნობდით. ახლა გამარჯვებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

საქართველოში ფეხბურთი ძალიან უყვართ. მცირე წარმატებაც საკმარისია იმისთვის, რომ ნაკრების მატჩზე სტადიონი გაივსოს. როცა კვარა ან მამარდა თამაშობს, ყველა მათ მატჩებს უყურებს. ახლა მთელი ქვეყანა ფლეი-ოფის მოლოდინშია’’.

ბერძნულმა გამოცემამ ლევან შენგელიას ხვიჩა კვარაცხელიაზეც ჰკითხა.

„კვარა ჩვენი იმედია. გასულ წელს, ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ მარტომ შეცვალა. ეს განსაკუთრებით ბავშვებს ეხება, მასზე გიჟდებიან და სურთ მასსავით ითამაშონ.  ყველას უყვარს კვარა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვარსკვლავია და ფეხბურთს კარგად თამაშობს. მისი ხასიათი საოცარია, მინდორს მიღმა თავმდაბალია, მინდორზე  ცეცხლია. ის არის ბიჭი, რომელიც დასვენების დღეებშიც არ ისვენებს და ვარჯიშობს. მას ყოველთვის მოგება და გოლის გატანა სურს, მათ შორის ვარჯიშებზე. მას ყველა გამოწვევის მოგება უნდა. ეს არის მისი ცხოვრება’’.

ლევან შენგელია და ხვიჩა კვარაცხელია კვიპროსთან გოლს ზეიმობენ

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მზადება 18 მარტს დაიწყო. ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფის ნახევარში ვილი სანიოლის გუნდი „დინამო არენაზე'' ლუქსემბურგს დაუპირისპირდება (21 მარტი, 21:00).

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

მცველები: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), საბა საზონოვი (ტორინო, იტალია), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი)

ფორვარდები: გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი)

მასალაში გამოყენებულია Nakrebi.ge-ს ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები