ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„ჩემპიონთა ლიგის გარეშე ნაპოლის მისი შენარჩუნება გაუჭირდება“ - Gazzetta კვარაზე

გავლენიანი იტალიური გაზეთი, la Gazzetta dello Sport-ი დღევანდელ გამოცემაში საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას მომავლის შესახებ წერს და აცხადებს, რომ ხვიჩას გადაწყვეტილებაზე მთავარ გავლენას მიმდინარე სეზონის ბოლოს, სერია A-ს სატურნირო ცხრილში „ნაპოლის“ პოზიცია მოახდენს.

Gazzetta-ს სტატიაში ნათქვამია, რომ თუ „პარტენოპეი“ ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვერ მოხვდება, დიდი ალბათობით ქართველი ფეხბურთელი ნეაპოლურ გუნდს დატოვებს.

რას წერს GAZZETTA:

სეზონის დასასრული დიდ გავლენას მოახდენს „ნაპოლის“ მომავალ სტრატეგიებზე: იმ შემთხვევაში, თუ კლუბი ევროტურნირების ზონაში ვერ მოხვდება, „ნაპოლის“ ხელმძღვანელებს გუნდში დარჩენაზე ლიდერების დარწმუნება გაუჭირდება. უკვე გადაწყვეტილია, რომ ოსიმენი სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს, ამით „ნაპოლი“ მნიშვნელოვან ფინანსურ მოგებას ნახავს.

რამდენიმე დღის წინ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა საყურადღებო მესიჯები გაავრცელა. ჯუღელმა ჯერ კლუბს კონტრაქტის გაუმჯობესებისკენ მიანიშნა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ქართველის შეძენით რამდენიმე ევროპული გრანდია დაინტერესებული და საბოლოოდ, ყველაფერი მაისში გაირკვევა. თუ „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვერ მოხვდება, დიდი შანსია კვარაცხელიამ გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღოს.

ჩემპიონთა ლიგის გარეშე კლუბისთვის წელი მაინც მდგრადი იქნება, რადგან ოსიმენის ტრანსფერიდან დე ლაურენტისი მინიმუმ 80 მილიონ ევროდ გაყიდის, მაგრამ პრობლემები იქნება ახალი ციკლის დაწყებაში.

შეგახსენებთ, რომ 26 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 37 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველმა შემტევმა „პარტენოპეის“ მაისურით ყველა ტურნირზე 33 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„სუპერძალები დაკარგა“ | Corriere dello Sport-ის სტატია კვარაზე
„სუპერძალები დაკარგა“ | Corriere dello Sport-ის სტატია კვარაზე