ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე
Aa
Aa

მარცხი აუტსაიდერთან - ზივზივაძე მეორე ტაიმში შეცვალეს

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 21-ე ტურში აუტსაიდერმა „ბრაუნშვაიგმა’’ შინ „კარლსრუე’’ 2:0 დაამარცხა. „კარლსრუეს'' მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა ქართველი ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე სასტარტო 11-ეულში ათამაშა, 72-ე წუთზე შეცვალა, როცა ანგარიში 1:0 იყო.

ნოემბრიდან მოყოლებული ბუდუ ზივზივაძე ბრწყინვალე ფორმაშია, „ბრაუნშვაიგთან’’ მატჩამდე მეორე ბუნდესლიგის ბოლო შვიდ შეხვედრაში 6 გოლი შეაგდო, თუმცა დღევანდელ მატჩში ერთი რეალური საგოლე მომენტიც არ ჰქონია, ზოგადად გუნდმა ცუდად ითამაშა, რაც ბუდუს პროდუქტიულობაც აისახა. მიუხედავად ამისა, ბუდუს თამაშიდან ორ ეპიზოდს გამოვყოფთ, პირველ ტაიმში მისი დარტყმა დაბლოკეს, მეორე ტაიმში კი ერთ მომენტში უკან დაიხია, ბურთი თანაგუნდელთან გაითამაშა და დაცვის გარღვევა ასე სცადა, თუმცა ბოლო მომენტში დაასწრეს.

ბუდუ ბურთს 22-ჯერ შეეხო, 17-დან 13 პასი ზუსტად შეასრულა, მინდორზე ერთი ორთაბრძოლა ჰქონდა და დათმო, მეორე სართულზე 3-დან 1 ორთაბრძოლა მოიგო, ბურთი 7-ჯერ დაკარგა.

 

მიმდინარე სეზონში ბუდუ ზივზივაძემ მეორე ბუნდესლიგის 20 მატჩში 7 გოლი შეაგდო.

18-გუნდიან მეორე ბუნდესლიგაში „კარლსრუე'' 28 ქულით მე-10 ადგილზეა, საუკეთესო სამეულს 8 ქულით ჩამორჩება, გასავარდნ ზონას 7 ქულით უსწრებს. ასევე უნდა ითქვას, რომ „ბრაუნშვაიგმა'' დღევანდელი გამარჯვებით გასავარდნ ზონას თავი დააღწია, თუმცა შესაძლოა დროებით, რადგან მის კონკურენტებს მიმდინარე ტურში ჯერ არ უთამაშიათ.

მომდევნო ტურში „კარლსრუე’’ დიუსელდორფის „ფორტუნას’’ მიიღებს (17 თებერვალი, 23:30).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები