თბილისის დინამო, ზაზა დოლიძე
Aa
Aa

დოლიძე: რატომღაც ვამჩნევ, ქომაგებს კეთილი სურვილები არ აქვთ

თბილისის „დინამოს'' აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ BMGDRIVE-თან ინტერვიუში თბილისის „დინამოს'' ქომაგებზე ისაუბრა. მისი თქმით, გულშემატკივრები მატჩებს არ ესწრებიან და კლუბის ყველა გადაწყვეტილებას კრიტიკულად ხვდებიან. დოლიძე აღნიშნავს რომ „დინამოს'' ქომაგებს კეთილი სურვილები არ აქვთ.

ზაზა დოლიძე: „ასევე მინდა გამოვყო გულშემატკივრების პასუხისმგებლობა. გუნდის ქომაგობა მხოლოდ კრიტიკა, ტალახის და ქვის სროლა არაა. რატომღაც ვამჩნევ, რომ ჩვენს ქომაგებს კეთილი სურვილები არ აქვთ. ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკან ძალიან დიდი შრომა უდგას. ფეხბურთელს ვყიდი თუ ფეხბურთელს ვკარგავ, ამის უკან ძალიან დიდი შრომაა. გულშემატკივარი კლავიატურასთან ზის და გონია, რომ ეს ყველაფერი მარტივია.

თუ გულშემატკივარს ფეხბურთი უყვარს, ხომ შეიძლება შაბათ-კვირას სტადიონზე მოვიდეს. ეს მათი პასუხისმგებლობაა. თუ გიყვარს, მაშინ მოდი სტადიონზე. თუ არ გიყვარს, მაშინ ჩემგან ნუ ელოდები, რომ მე უნდა გავაკეთო რაღაც განსაკუთრებული’’.

ამავე ინტერვიუში ზაზა დოლიძემ ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის ბაზის თაობაზე. კლუბს ახალი ბაზის აშენება სურს, რადგან მოქმედი ბაზა მის გარშემო აშენებული კორპუსების გამო ფუნქციას კარგავს.

კლუბის მფლობელმა რომან ფიფიამ თბილისის „დინამოს'' ბაზის შესახებ „ფორმულასთან'' ისაუბრა. შესაძლოა, ბაზა გაიყიდოს და ბაზის ადგილზე საუნივერსიტეტო ქალაქი აშენდეს. ბაზის გაყიდვის გადაწყვეტილებას იმით ხსნიან, რომ გარშემო საცხოვრებელი კორპუსები შენდება, რაც ბაზას სიმშვიდესა და მყუდროებას უკარგავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები