ხვიჩა კვარაცხელია, იგორ ტუდორი
Aa
Aa

რა პოზიციაზე ითამაშებს ტუდორის გუნდში | Goal Italia-ს სტატია კვარაზე

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ მალე ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება და პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ რუდი გარსიას იგორ ტუდორი ჩაანაცვლებს. მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, Goal Italia-მ სტატია გამოაქვეყნა და ყურადღება იმ პოზიციაზე გაამახვილა, რომელსაც ტუდორის ფორმაციის „ნაპოლიში“ „კვარა“ დაიკავებს.

„იგორ ტუდორის მოსვლასთან ერთად, ნაპოლის სათამაშო სქემა შეიცვლება და დიდი ალბათობით, გუნდი 3-მცველიან ტაქტიკაზე გადავა. ზოგიერთ ფეხბურთელს განსხვავებული ფუნქციების შეთავსება მოუწევს. ჯოვანი დი ლორენცო და მარიო რუი უინგ-ბექები გახდებიან, ხვიჩა კვარაცხელია და მატეო პოლიტანო კი უფრო ცენტრალურ როლებს მიიღებენ.

კვარა ტუდორის გუნდში: გარემარბი თუ ტრეკვარტისტა

„ტუდორი 3-მცველიანი ტაქტიკით თამაშობს, ცენტრალური თავდამსხმელის უკან კი ორი შემტევი ნახევარმცველი ჰყავს გამწესებული. გამომდინარე აქედან, კვარაცხელია მარცხენა გარემარბი აღარ იქნება და ვიქტორ ოსიმენის უკან იმოქმედებს. სპალეტისა და რუდი გარსიას 4-3-3-ის შემდეგ, ეს როლი ქართველი ფეხბურთელისთვის უცხო იქნება, მაგრამ მეტ თავისუფლებას მიიღებს და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დავალებას თავს კარგად გაართმევს. კვარაცხელია ნამდვილ ათიანად არ მოგვევლინება. ხვიჩა შემტევი ნახევარმცველი იქნება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ფლანგზე გადაიწევს ან უკან დაიხევს და ოსიმენის დამხმარის როლს რასპადორის ან პოლიტანოს დაუთმობს“.

უთამაშია ოდესმე ტრეკვარტისტას პოზიციაზე?

„მატჩები, რომლებშიც კვარაცხელია შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე მოქმედებდა, თითზე ჩამოსათვლელია. საქართველოსა და რუსეთში ასპარეზობისას, ხვიჩას ერთი ან ორი თავდამსხმელის უკან მოქმედების შანსი მხოლოდ რამდენჯერმე მიეცა. კვარა საქართველოს ნაკრებშიც მარცხენა გარემარბია, თუმცა შეხვედრებში, რომლებშიც სანიოლის 3-4-2-1-ში შემტევ ნახევარმცველად მოგვევლინა, გამანადგურებელი იყო“.

სისტემა არ შეიცვლება

„ტუდორს 4-მცველიანი ტაქტიკითაც უთამაშია და როცა გალათასარაის წვრთნიდა, სწორედ ამ სათამაშო სქემას იყენებდა. დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რომ ნაპოლის ეგრევე 3-მცველიან ტაქტიკაზე გადააწყობს და ალბათ, ცვლილებებს ეტაპობრივად გაატარებს. ეს კვარას და მის თანაგუნდელებს საშუალებას მისცემს ახალ სქემებს მარტივად შეეგუონ“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ბოლო ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ „ემპოლისთან“ 0:1 დამარცხდა, რამაც კლუბში გარსიას ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოში უფრო ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, ვიდრე რუსეთში“ - რევიშვილის ინტერვიუ რუსულ მედიასთან
„საქართველოში უფრო ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, ვიდრე რუსეთში“ - რევიშვილის ინტერვიუ რუსულ მედიასთან