„ნე*ვისგან შოკოლადს ვერ გააკეთებ!“ - რონალდ დე ბურმა აიაქსი გააკრიტიკა
ნიდერლანდური ფეხბურთის ლეგენდამ, რონალდ დე ბურმა ესპანურ „მარკასთან“ ინტერვიუს დროს გიორგი მიქაუტაძის „აიაქსის“ ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და კლუბის ხელმძღვანელები ზაფხულში განხორციელებული ტრანსფერების გამო მკაცრად გააკრიტიკა.
რას ამბობს დე ბური:
გასულ უქმეებზე, „ალკმაართან“ 1:2 წაგებულ მატჩს ვუყურე და საშინლად ცუდი თამაში იყო. ამ ბიჭების საწინააღმდეგო, რომლებიც კლუბში ახლა მოვიდნენ, არაფერი მაქვს, ამაში დამნაშავე კლუბის ხელმძღვანელები არიან. არ შეიძლება „აიაქსში“ ამდენი მეორეხარისხოვანი მოთამაშის მოყვანა და იმაზე ფიქრი, რომ ისინი უფრო მაღალ დონეზე ითამაშებენ. ნე*ვისგან შოკოლადს ვერ გააკეთებ!
ყველა ფიქრობდა, რომ მომავალი 20 წლის განმავლობაში მიუნხენის „ბაიერნის“, ან პსჟ-ის წინააღმდეგ ღირსეულად თამაშს შევძლებდით, მაგრამ ახლა, ეს ფიქრები გაქრა და ყველაზე მეტად გული ამაზე მტკივა.
შეგახსენებთ, რომ „ალკმაარმა“ „აიაქსი“ 2:1 დაამარცხა და ამსტერდამულმა კლუბმა ჩემპიონატის ეგიდით, ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო, ამ მატჩებში საერთო ჯამში 9 გოლი გაუშვა და მხოლოდ 2 გაიტანა. „აიაქსმა“ 6 ტურში 5 ქულა დააგროვა და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა.