ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ცნობილია
ევრო 2028 გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში გაიმართება. უეფას პრეს-სამსახურმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ ევრო 2028-ის მასპინძლობაზე უარი თქვა, რის შემდეგაც, ერთადერთი ვარიანტი დარჩა.
თურქეთში გადაწყვიტეს, ევრო 2028-ზე უარი თქვან და იტალიასთან ერთად, ევრო 2032-ის თანამასპინძლობაზე შეიტანონ განაცხადი. ამ მომენტისთვის, ამ ტურნირის ჩატარების სხვა მსურველი არ არსებობს და პრაქტიკულად ყველაფერი გადაწყვეტილია.
უეფა ევრო 2028 და ევრო 2032-ის მასპინძელ ქვეყნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 10 ოქტომბერს მიიღებს, როცა ნიონში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება. სწორედ აღმასრულებელი კომიტეტის თანხმობაა საჭირო მასპინძლების შესარჩევად და ოფიციალურად ყველაფერი 10 ოქტომბერს დადასტურდება.
შეგახსენებთ, რომ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი გერმანიაში გაიმართება და 14 ივნისს დაიწყება, ფინალს კი 14 ივლისს ვიხილავთ. მატჩები ლაიფციგში, კიოლნში, დიუსელდორფში, ჰამბურგში, ფრანკფურტში, გელზენკირხენში, შტუტგარტში, დორტმუნდში, მიუნხენსა და ბერლინში გაიმართება.