ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, რუდი გარსია
Aa
Aa

არ ვფიქრობ რომ შედეგი სამართლიანია - რუდი გარსიას შეფასება

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „ნაპოლი’’ „დიეგო მარადონაზე'' მადრიდის „რეალთან'' 2:3 დამარცხდა. 

ანგარიში მე-19 წუთზე ნორვეგიელმა მცველმა ლეო ოსტიგორმა გახსნა. პირველი ტაიმი მადრიდის „რეალმა’’ ვინისიუსისა და ბელინგემის საოცარი გოლებით მოიგო - 1:2. შესვენების შემდეგ „ნაპოლიმ’’ ანგარიში გაათანაბრა, ოსიმენმა პენალტი მოიპოვა და შანსი პიოტრ ჟელინსკიმ გამოიყენა -2:2. 78-ე წუთზე ვალვერდემ შორი მანძილიდან უძლიერესად დაარტყა, თუმცა მსაჯმა მერეტის ავტოგოლი დააფიქსირა,„სამეფო კლუბმა'' ამ გოლით 3 ქულა მოიპოვა.

მატჩის მიმოხილვა

მატჩის შემდეგ „პარტენოპეის'' მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ მედიასთან ისაუბრა:

„არ ვფიქრობ რომ შედეგი სამართლიანია. სტატისტიკიდან და თამაშის სცენარიდან გამომდინარე ფრე უფრო შესაბამისი იქნებოდა. არის რაღაცები, რაც მომეწონა. თანაბრად ვითამაშეთ ბრწყინვალე გუნდთან, მაგრამ მთავარია არ გავუშვათ გოლები ისე, როგორც პირველი გაშვებული გოლისას მოხდა. შეცდომები თამაშის ნაწილია, მაგრამ არ მომეწონა ჩემი გუნდის დამოკიდებულება, როცა 1:2-ს ვაგებდით, თუმცა მეორე ტაიმში უფრო აგრესიულები ვიყავით, გუნდის თამაშისადმი დამოკიდებულება შეიცვალა და ეს მომეწონა. საერთო ჯამში ჩემი გუნდის თამაშით ბედნიერი ვარ, მაგრამ შედეგით იმედგაცრუებული''.

ხვიჩა კვარაცხელია პირველ ტაიმში შეტევებს ვერ ამწვავებდა, თუმცა შესვენების შემდეგ შედარებით უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ „რეალის'' ფეხბურთელები მჭიდროდ მეურვეობდნენ, რამდენიმე კარგი მომენტი შექმნა.

რუდი გარსიამ ქართველი გარემარბი შეუცვლელად ათამაშა. ხვიჩა ბურთს 62-ჯერ შეეხო, 37 პასი შეასრულა, 31 ზუსტი იყო. მის აქტივში 3 საკვანძო გადაცემაა. მინდორზე 14 ორთაბრძოლიდან 7 მოიგო, ხოლო ჰაერში ორივე ორთაბრძოლა დათმო. ბურთი 16-ჯერ დაკარგა.

„ნაპოლიმ'' პირველ ტურში „ბრაგას'' მოუგო. ასე რომ ორი ტურის შემდეგ რუდი გარსიას გუნდის აქტივში 3 ქულაა.

2  ტურის შემდეგ „რეალი'' 6 ქულით პირველ ადგილზეა, „ნაპოლი'' და „ბრაგა'' 3-3 ქულით მეორე პოზიციას იკავებენ, ბერლინის „უნიონი'' 0 ქულით აუტსაიდერია. მესამე ტურში „ნაპოლი'' ბერლინის „უნიონს'' ესტუმრება, „რეალი'' - „ბრაგას'' (24 ოქტომბერი, 23:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები