„სწორედ ამიტომ აღნიშნა გოლი ასე ემოციურად“ - ზურიკომ კვარაზე ისაუბრა
Aa Aa
29 სექტემბერი 2023  |  02:06

„სწორედ ამიტომ აღნიშნა გოლი ასე ემოციურად“ - ზურიკომ კვარაზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „ბორდოს“ შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა „კრისტალსპორტთან“ ექსკლუზიური ინტერვიუს დროს „უდინეზესთან“ ხვიჩა კვარაცხელიას გოლზე და ამ გოლამდე არსებულ მშრალ სერიაზე ისაუბრა.

რა თქვა ზურიკომ:

ზოგადად, ასე, ფსიქოლოგიურ დონეზე არ ვსაუბრობდით, თუ რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი. ჩვეულებრივად ვვარჯიშობდით ნაკრებში იმ შედეგებამდეც, რაც მოხდა და ძალიან ცუდიც იყო. თავადაც ჩვეულებრივ ვარჯიშობდა. უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი რაღაცები ფეხბურთში ხდება. რა თქმა უნდა, რაღაც საკითხებზე ვსაუბრობდით და ფსიქოლოგიურად სუსტად არ ყოფილა. როდესაც უგოლო სერია გაქვს და შენზე ზეწოლა მოდის, თუ რატომ ხდება ასე და ყველაფერი რატომ იწერება, მარტივი არ არის და ასე არ უნდა იყოს. ბუნებრივია, ყველა მაქსიმალისტები ვართ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ შესაძლოა იყოს რამდენიმე თამაში, როცა ფეხბურთელმა შესაძლოა გოლი ვერ გაიტანოს, მაგრამ კარგად ითამაშოს და გუნდისთვის ისეთი რაღაც გააკეთოს, რაც გოლზე მეტი იქნება.

გუშინ ყველაფერი გააკეთა. პენალტი მოიპოვა, გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა. ზუსტად ესაა, ვინც ცოტა განსხვავებული თვალით უყურებს, ხედავს, რომ ეს ყველაფერი შრომის შედეგად მოდის და თვითონაც ძალიან ემოციურად აღნიშნა. გოლის შემდეგ მივწერე, ბევრი არ გვილაპარაკია, რადგან გვიანი იყო, მაგრამ დღეს უფრო კარგად დავილაპარაკებთ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გოლი გასული სეზონის 19 მარტის შემდეგ არ ჰქონდა გატანილი და ეს სერია 22 წლის შემტევმა სერია A-ს გასულ ტურში, „უდინეზესთან“ მატჩში დაასრულა. ამ შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელმა პენალტი მოიპოვა, გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა, მისმა გუნდმა კი მატჩი 4:1 მოიგო.

6 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 11 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს მომდევნო შეხვედრა 30 სექტემბერს, სტუმრად „ლეჩესთან“ ელის. მატჩი საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება.

ზურიკო დავითაშვილის ვრცელი ინტერვიუ კრისტალსპორტთან:

ირაკლი გოგვაძე საფრანგეთიდან სპეციალურად კრისტალსპორტისთვის

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„გოლის გიჟურად აღნიშვნა ყველაფერს აღწერს“ – Gazzetta-მ ხვიჩაზე დაწერა
„გოლის გიჟურად აღნიშვნა ყველაფერს აღწერს“ – Gazzetta-მ ხვიჩაზე დაწერა