ტრაგედია კოლუმბიაში | წაგებული მატჩის შემდეგ, კლუბის პრეზიდენტი მოკლეს
კოლუმბიურ საფეხბურთო სამყაროში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, კოლუმბიის რანგით მეორე დივიზიონში მოასპარეზე კლუბის, „ტიგრესის“ პრეზიდენტი, ედგარ პაესი წაგებული მატჩის შემდეგ მოკლეს.
63 წლის პაესი „ატლეტიკოსთან“ განცდილი მარცხის შემდეგ, სახლში ავტომობილით ბრუნდებოდა. მას თან საკუთარი ქალიშვილი ახლდა და სტადიონიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით, ცეცხლი ორმა ადამიანმა გაუხსნა, რომლებიც მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ. პაესის ქალიშვილი მომხდარს უვნებლად გადაურჩა, პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა კი ვერ მოხერხდა.
„ტიგრესის საფეხბურთო და სპორტული ოჯახი მომხდარით განადგურებულია. ჩვენი კლუბის განვითარებაში მისმა ჩართულობამ და თავდადებამ რეგიონში და ყველა იმ ადამიანის გულში, ვინც მას იცნობდა, წარუშლელი კვალი დატოვა“, - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყეს და დამნაშავეების იდენტიფიცირების პროცესში არიან. კოლუმბიის ჩემპიონატის მომდევნო ორი ტურის მატჩები, პაესის ხსოვნის პატივსაცემად, წუთიერი დუმილით დაიწყება.