ქომაგები, ბრაზილიას ბოლო ტურში წაგებისკენ მოუწოდებენ!
ბრაზილიის ნაკრების ქომაგებმა უცნაური პიარკამპანია წამოიწყეს და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ხმა მოაგროვონ. მათი მიზანია, რომ თავიანთმა ნაკრებმა ჩილესთან საკუთარ მოედანზე ბოლო ტურის მატჩი წააგოს.
რატომ? ამის მიზეზი მარტივია - ბრაზილიელებს სურთ, რომ არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩეს. რა თქმა უნდა, ყველაფერი არგენტინელთა ხელშია და თუ ისინი უმოტივაციო ეკვადორს გასვლით მატჩს მოუგებენ, მინიმუმ მე-5 ადგილსა და პლეი-ოფში თამაშს ინაღდებენ. ხოლო, თუ 3 ქულას ვერ მოიპოვებენ, ამ შემთხვევაში პარალელური მატჩების შედეგებზე იქნებიან დამოკიდებულნი.
სწორედ ამის იმედი აქვთ ბრაზილიელ ქომაგებს და სურთ, რომ ჩილემ 3 ქულა მოიპოვოს, რათა არგენტინელებს მათი გადასწრების შანსი აღარ ჰქონდეთ.
რა თქმა უნდა, ქომაგების მოთხოვნას სერიოზულად არავინ შეხედავს. მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ "პენტაკამპეონებმა" რუსეთის საგზური უკვე გაინაღდეს და არ არის გამორიცხული, ბოლო ტურში ექსპერიმენტალური შემადგენლობით ითამაშონ.
ყველაფერი 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 03:30 საათზე გაირკვევა. ყველა მატჩი პარალელურად დაიწყება.