საბა ლობჟანიძე, ატლანტა იუნაიტედი
Aa
Aa

„კონკურენცია მიყვარს და აქ სწორედ ამიტომ ვარ“ - ატლანტას 17 კითხვა ლობჟანიძეს

MLS-ის გუნდი, „ატლანტა იუნაიტედი“ ქართველ ახალწვეულთან, საბა ლობჟანიძესთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც 28 წლის შემტევი შეერთებულ შტატებში გადასვლის მიზეზებზე საუბრობს. კლუბის წარმომადგენლებმა საბას გუნდისთვის სიმბოლური, 17 კითხვა დაუსვეს, ინტერვიუ კი „ატლანტა იუნაიტედის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქვეყნდება.

ატლანტა იუნაიტედში გადასვლის სურვილი:

„ატლანტა“ კარგი გუნდია, ლამაზი ისტორიით, ამიტომ წინადადება ჩემთვის საკმაოდ საინტერესო იყო. გამოწვევები მიყვარს და აქ ჩამოსვლა ამიტომ გადავწყვიტე, რადგან ვიცი, რომ „ატლანტა“ ლიგაში კონკურენტუნარიანი გუნდია. აქ ყველაფერი მართლა გასაოცარია... სტადიონი, ობიექტები...

საქართველოს შესახებ:

თბილისში ვცხოვრობდი, ეს არის საქართველოს დედაქალაქი. საქართველო ძალიან კარგი და ლამაზი ადგილია და ყველაფრის ნახვა შეგიძლია. გვაქვს მთები, ზღვა და ბევრი ლამაზი ადგილი. ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს.

პირველი საფეხბურთო მოგონება:

4 წლის ვიყავი, როდესაც ფეხბურთის თამაში დავიწყე. სხვა ბავშვებთან შედარებით ძალიან პატარა ვიყავი, ისინი 5, 6 და 7 წლისანი იყვნენ, მე კი ყველაზე პატარა ვიყავი. ეს არის, რაც მახსოვს.

მეტსახელი:

ნაკრებში ყველა ლობას მეძახის. ვინაიდან, ჩემი გვარი ლობჟანიძეა, აქედან მოდის პატარა მეტსახელი. ისე, ლობა, ან საბა.

საკუთარი თავის დახასიათება სამი სიტყვით:

კონკურენტუნარიანი, მშრომელი, შეუპოვარი.

სათამაშო სტილი:

გარემარბი ვარ და ჩემი საქმე ბოლო პასის გაკეთებაა. ვფიქრობ, რომ ეს თვისება მაქვს და ვეცდები, რომ ამით გუნდსაც დავეხმარო. ამასთან, ძალიან სწრაფი ვარ. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი ტემპით და ბოლო პასით გუნდს მაქსიმალური სარგებელი მოვუტანო. გოლების გატანაც მიყვარს და აუცილებლად გავიტან.

ბავშვობის დროს, მე და მამაჩემი ყოველთვის გარეთ ვიყავით და ყოველდღიურად ვმუშაობდით ჩემი უნარების, დრიბლინგისა და დარტყმის გაუმჯობესებაზე. მომწონს ეს უნარები.

სამზადისი სამატჩო დღისთვის:

გულწრფელად გეტყვით, არ მიყვარს რიტუალები, რადგან ხშირად ზედმეტსაც კი ფიქრობ. ამიტომ, უბრალოდ ვცდილობ მაგარი ვიყო. ხანდახან მუსიკას ვუსმენ, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი.

რა გეხმარებათ რთულ პერიოდში:

როცა მიჭირს და რთულ დროს გავდივარ, უბრალოდ ვარჯიში მიყვარს. ვარჯიშის დროს ბევრს არ ვფიქრობ და მხოლოდ საკუთარ სხეულზე ვკონცენტრირდები. ეს ძალიან მეხმარება.

 

 

რას აკეთებთ ხანგრძლივი მგზავრობის დროს:

პირველ რიგში, დაძინებას ვცდილობ. თუ ვერ ვიძინებ, დროის გასაყვანად მუსიკას მოვუსმენ, ან თანაგუნდელებთან ერთად ვითამაშებ.

რომ არა ფეხბურთი..:

სპორტი მიყვარს და ამიტომ სპორტში ვიქნებოდი, მაგრამ ზუსტად არ ვიცი. NBA მიყვარს, ასე რომ შესაძლოა, კალათბურთელიც ვყოფილიყავი.

NBA-ს საყვარელი მოთამაშე:

ჩემთვის კობი ბრაიანტი ყველა დროის საუკეთესოა. კობის თამაშების ყურებით გავიზარდე, მაგრამ ახლა, ჩემი საყვარელი მოთამაშე ჯეისონ ტეიტუმია.

საყვარელი კერძი:

ალბათ, სპაგეტი, იმიტომ რომ მომზადებაც შემიძლია.

საყვარელი სატელევიზიო შოუ:

ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო Game of Thrones-ია.

საყვარელი ფილმი:

ძალიან მომწონს ფორესტ გამპი. ძველია, მაგრამ კარგია.

შენი ტატუების მნიშვნელობა:

მკლავზე მაქვს ფრთა. მას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ მომწონს. მაქვს დახატული ანგელოზი, ჩემი დაბადების წელი რომაული ციფრებით - 1994. მაქვს თორის ჩაქუჩი „მარველისგან“. როცა გოლი გამაქვს, ჩემი დროით აღვნიშნავ, რის გამოც საათი მაქვს დახატული. მაქვს ისარი და ელვა, რადგან სიჩქარე მიყვარს. სამომავლოდ, უფრო მეტსაც გავიკეთებ.

ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი კარიერაში:

ვფიქრობ, ეროვნულ ნაკრებში დებიუტი. ეს ჩემთვის ძალიან ემოციური იყო.

მიზანი ატლანტაში:

კონკურენცია მიყვარს და ამიტომ, აქ ყველა თამაშში 3 ქულის მოსაპოვებლად მოვედი.

შეგახსენებთ, რომ საბა ლობჟანიძეს „ატლანტა იუნაიტედში“ დებიუტი კვირას, „ნეშვილთან“ ჰქონდა და პირველივე შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი MLS-ში მომდევნო შეხვედრას 31 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე „ცინცინატის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სწრაფი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს“ - საფრანგეთში ზურიკოზე ისაუბრეს
„სწრაფი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს“ - საფრანგეთში ზურიკოზე ისაუბრეს