ილია თოფურია და დენზელ ვაშინგტონი | ვის რა შეუძლია 9 წამში?
1-ელ სექტემბერს, ლეგენდარული მსახიობის, დენზელ ვაშინგტონის ახალი ფილმის, „მარეგულირებელი 3“-ის მსოფლიო პრემიერა გაიმართება. ფილმის დამკვეთი კომპანიები მაქსიმალურად ცდილობენ, სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობაში ინტერესი გაზარდონ და Sony Pictures España-მ UFC-ის ქართველ მებრძოლთან, ილია თოფურიასთან ითანამშრომლა.
რამდენიმე საათის წინ, Sony Pictures España-მ Youtube-ის საკუთარ არხზე მოკლე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც დათვლილია თუ რამდენი დარტყმის განხორციელება შეუძლია „ელ მატადორს“ 9 წამში. 9 წამი შემთხვევითობა არაა. „მარეგულირებელი 3“-ის ერთ-ერთ ტრეილერში, ვაშინგტონი ამბობს: „9 წამს მოგცემთ, რათა საკუთარი ბედი გადაწყვიტოთ“.
Sony Pictures España-ს მიერ გამოქვეყნებული ვიდეო ზუსტად იმავე ფრაზით იწყება, ოღონდ მისი ავტორი თოფურიაა. ილია 9 წამში 34 დარტყმას ახორციელებს, შემდეგ კი „მარეგულირებელი 3“-ის კადრებს ვხედავთ და დენზელი 9 წამში საკუთარ მტრებს უსწორდება.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ბოლოს 2023 წლის ივნისში იჩხუბა და ჯოშ ემეტი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. გამარჯვების შემდეგ, „ელ მატადორმა“ საჩემპიონო ბრძოლაში ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის მრავალგზის ჩემპიონი, ალექსანდერ ვოლკანოვსკი გამოიწვია, სხვა შემთხვევაში კი მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლა მოითხოვა იმ პირობით, თუ ჩხუბი ესპანეთში შედგება.