ისტორიული შედეგი და ზედიზედ აღებული 26 ქულა | საქართველო ახალ ზელანდიასთან დამარცხდა
Aa
Aa

ისტორიული შედეგი და ზედიზედ აღებული 26 ქულა | საქართველო ახალ ზელანდიასთან დამარცხდა

სამხრეთ აფრიკაში, რაგბის 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს და უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ისტორიული შედეგი დააფიქსირეს. ლადო კილასონიას ბიჭები მე-7 ადგილისთვის ბრძოლაში ახალ ზელანდიას დაუპირისპირდნენ, 26:50 დამარცხდნენ და მსოფლიო პირველობა მე-8 პოზიციაზე დაასრულეს.

ახალმა ზელანდიამ მატჩი ბრწყინვალედ დაიწყო. მე-4 წუთზე, კეილებ ტანგიტაუმ შესანიშნავად ითამაშა და შეხვედრის პირველი ლელო დადო, გარდასახვა კი ტაჰა კემარამ გაიტანა. მე-10 წუთზე, ლელო უილ სტოდარტმა მიითვალა, კემარას გარდასახვა კი ისევ ზუსტი აღმოჩნდა - 14:0. 7 წუთში, ტანგიტაუმ მეორე ლელო გაიფორმა, თუმცა, ამჯერად, გარდასახვა არაზუსტი გახლდათ. 25-ე წუთზე, პიტერ ლაკაის ჯერი დადგა, კემარას კი შეცდომა აღარ დაუშვია - 26:0. 28-ე წუთზე, თავი ნოა ჰოთემმა გამოიჩინა, კემარამ გარდასახვა გაიტანა და ახალი ზელანდია 33:0 დაწინაურდა.

33 ქულის მიღების შემდეგ, უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ თამაშში გარდატეხა შეიტანეს. 32-ე წუთზე, ვაჟა მიქაძემ ბრწყინვალედ იმოქმედა და ლელო დადო. გარდასახვა პეტრე ხუციშვილმა გაიტანა.

38-ე წუთზე, აკემ ყვითელი ბარათი მიიღო და პირველი ტაიმის მიწურულს, ბასა ხონელიძემ ჩამორჩენა შეამცირა. გარდასახვა ამჯერადაც ზუსტი იყო და პირველი ტაიმი ახალმა ზელანდიამ 33:14 მოიგო.

მეორე ნახევრის საწყის წუთებში კარგად გამოვიყურებოდით და ახალ ზელანდიას ჩვენი შეტევებისა და მოლის შეჩერება ძალიან უჭირდა. 56-ე წუთზე, ირაკლი აფციაური შესანიშნავი იყო და ლელო დადო, რომელიც ხუციშვილმა გარდასახა.

62-ე წუთზე, ხონელიძემ ბრწყინვალედ იმოქმედა და უმცროსი „ბორჯღალოსნების“ ზედიზედ 26-ე ქულა აიღო. სამწუხაროდ, ხუციშვილმა გარდასახა გააფუჭა და ანგარიში 26:33 დარჩა. ზედიზედ მიღებული 26 ქულის შემდეგ, ახალი ზელანდია გამოფხიზლდა და 17 ქულა მოიპოვა. საბოლოოდ, კი ლადო კილასონიას ბიჭებმა 26:50 წააგეს. როგორც აღვნიშნეთ, საქართველომ ტურნირი მე-8 ადგილზე დაასრულა და ეს ჩვენთვის სარეკორდო მაჩვენებელია. აქამდე საუკეთესო შედეგი მე-9 პოზიცია იყო.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    14 ივლისის სატრანსფერო ზონა
    14 ივლისის სატრანსფერო ზონა