შთამბეჭდავი ტურნირი, სენსაციები და მომავალი | Wales Online-ის სტატია ქართულ რაგბიზე
Aa
Aa

შთამბეჭდავი ტურნირი, სენსაციები და მომავალი | Wales Online-ის სტატია ქართულ რაგბიზე

Wales Online-ი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბრიტანული გამოცემაა და მისმა რეპორტიორმა, ჯონ ჯონსმა ქართულ რაგბის საინტერესო სტატია მიუძღვნა. ბრიტანელი ჟურნალისტი ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე უმცროსი „ბორჯღალოსნების“ წარმატებას გამოეხმაურა და რაგბის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილება დაიწუნა.

„მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატის მთავარი მოვლენა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებია, რომელიც უელსთან მატჩისთვის და ტიერ ერთის კიდევ ერთი წარმომადგენლის დამარცხებისთვის ემზადება. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ორი სენსაცია უკვე მოახდინეს და ნიჭიერი არგენტინის ნაკრები 20:0 გაანადგურეს, ბრწყინვალე იტალიას კი 30:17 მოუგეს.

სამხრეთ აფრიკასთან დასანანი მარცხის გამო, საქართველო ნახევარფინალში ვერ გავიდა, თუმცა თავისთვის ისტორიული მეხუთე ადგილისთვის ბრძოლას განაგრძობს და ამ უქმეებზე უელსს დაუპირისპირდება. მოლოდინებს მარკ ჯონსის გუნდმაც გადააჭარბა და შეეცდება, წარმატებას საქართველოსთანაც მიაღწიოს, რომელიც მთელი ტურნირის განმავლობაში შთამბეჭდავი იყო, მანამდე კი ინგლისთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

ბორჯღალოსნებს ძლიერი წინახაზი და უსწრაფესი უკანახაზი ჰყავთ, რის გამოც, ნებისმიერი გუნდისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ. მათ მტკიცე დაცვისა და სახიფათო კონტრშეტევების წყალობით, არგენტინელები უბრალოდ გააცამტვერეს. ქართველ ახალგაზრდებს არც რაგბისადმი სიყვარული აკლიათ და არ ყოფილა შეხვედრა, რომელშიც მოედანზე ყველაფერი არ დაუტოვებიათ. მხოლოდ სულელი თუ ჩამოწერდა საქართველოს და იტყოდა, რომ მათ კიდევ ერთი მეტოქისთვის სკალპის ახდა არ შეუძლიათ.

უმცროსი ბორჯღალოსნების გარდა, წარმატებით ასპარეზობს ეროვნული ნაკრებიც, რომელმაც გასულ ზაფხულს იტალიას მოუგო, შემოდგომაზე კი უელსი სტუმრად დაამცირა და ტიერ ერთის გუნდების წინააღმდეგ პირველი გამარჯვებები იზეიმა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული რაგბი ასეთ ჯანსაღ მდგომარეობაში იმყოფება, მათ ვარსკვლავებს ელოდებათ მომავალი, რომელშიც მსოფლიოს საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ თამაში არ უწერიათ, ეს კი ახალი საერთაშორისო ტურნირის ბრალია, რომელიც 2026 წელს დაიწყება.

„ერთა ჩემპიონატში“ მონაწილეობას 6 ერისა და სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნები მიიღებენ. დიდი ალბათობით, მათ იაპონია და ფიჯიც შეუერთდებიან. ახალ ტურნირთან ერთად, შეიქმნება მეორე ტიერის გათამაშება, რომელშიც დანარჩენი ევროპისა და მსოფლიოს ნაკრებები ითამაშებენ. ეს ნიშნავს, რომ აღმასვლის გზაზე მყოფ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, 2026-დან 2030 წლამდე, საშუალება არ ექნებათ, ტიერ ერთის ნაკრებებთან ითამაშონ. ამის ნაცვლად, მოხვდებიან ტურნირში, რომელშიც ტიერ ერთის წარმომადგენელი არ ეყოლებათ და ჯერჯერობით უცნობია აღზევება/გავარდნის წესი იმოქმედებს თუ არა. ქართულ რაგბის ნათელი მომავალი აქვს, მაგრამ მის კონტროლქვეშ არაფერია და არის შანსი, ქართველ ვარსკვლავებს მსოფლიო სცენაზე უფრო ნათლად კაშკაშის საშუალება არ მიეცეთ“, - წერს ბრიტანული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უელსის 20-წლამდე ნაკრებების დაპირისპირებას 9 ივლისს ვიხილავთ. მატჩი თბილისის დროით, 18:00-ზე დაიწყება.    

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ძლიერი და სუსტი მხარეები | რას წერს GOAL-ი მამარდაშვილზე
    ძლიერი და სუსტი მხარეები | რას წერს GOAL-ი მამარდაშვილზე