პაატა დოგრაშვილი, ქალთა საფეხბურთო კლუბი მართვე
Aa
Aa

„ეს იქნება მკაფიო მესიჯი“ - გორგაძე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

PHR-ის ("პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის") ინფორმაციით, ქალთა საფეხბურთო კლუბ „მართვეს“ მწვრთნელი პაატა დოგრაშვილი, რომელიც აღნიშნულ პოსტს წარსულში იკავებდა, ცნობილი იქნა სექსუალურ შევიწროებაში პასუხისმგებლად და დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 36 000 ლარის ოდენობით.

ამ თემაზე Crystalsport-ს „მართვეს“ ყოფილი ფეხბურთელი ლანა გორგაძე ესაუბრა. ამჟამად ქსკ „ლანჩხუთის“ ფეხბურთელი ერთ-ერთი მათგანია, რომლის მიმართაც სექსუალური შევიწროება განხორციელდა. 

ლანა გორგაძე: „სასამართლოს გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ ქალთა ფეხბურთში სექსუალური ძალადობის საკითხების აქტუალიზებისთვის, არამედ უფრო ფართო დონეზეც. ამ ქვეყანაში კვლავ არსებობს ძალადობრივ გამოცდილებებზე საუბრის ტაბუ და მსხვერპლის დადანაშაულების პრაქტიკა, რაც ხელს უშლის ძალადობრივი გარემოს შეცვლას. ქალების ნაკლებად სჯერათ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ძალაუფლების, ფულის ან სოციალური კაპიტალის მქონე კაცს უპირისპირდება. სწორედ ამიტომ, სასამართლო გადაწყვეტილება არა მხოლოდ ჩვენი სიმართლის და ღირსების დაცვისთვის იყო გადამწყვეტი, არამედ ვიმედოვნებ, რომ სხვებისთვისაც იქნება მკაფიო მესიჯი. არც გაჩუმებას ვაპირებთ და დაუსჯელიბის სინდრომის გამყარებას.

სამწუხაროა, რომ სამართლებრივი სასჯელი უფრო დიდი მუქარაა პოტენციური მოძალადისთვის, ვიდრე შინაგანი მორალი ან სოციალური სასჯელი, მაგრამ ვიაზრებთ, რომ კულტურულ ცვლილებებს დრო და შრომა ჭირდება ყველა დონეზე. მიხარია, რომ ჩვენი ბრძოლა და ეს გამარჯვება სხვა ქალებისთვისაც იქნება სტიმული, რომ არასდროს შეეგუონ ღირსების შემლახავ მოყრობას და უსამართლობას.

თითოეული ჩვენგანისთვის ყველა სასამართლი პროცესი ემოციურად მძიმე იყო, რადგან გვიწევდა მტკივნეული მოგონებების აღდგენა და დეტალურად აღწერა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ერთიანობის და სოლიდარობის განცდა გვეხმარებოდა ამ ბრძოლაში. როდესაც მართალი ხარ და თან ფიქრობ, რამდენი ბავშვი და გოგო შეიძლება დაიცვა ძალადობაზე ხმის ამოღებით, შეუძლებელია რამემ გაგაჩეროს''.

PHR-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა პრეცედენტული გადაწყვეტილება და სექსუალური შევიწროება დაადგინა ქალთა საფეხბურთო კლუბის "მართვე" და მწვრთნელის პაატა დოგრაშვილის მხრიდან, 9 ქალი ფეხბურთელის მიმართ. ეს არის პირველი სასამართლო გადაწყვეტილება, სადაც საფეხბურთო კლუბი, ისევე როგორც მწვრთნელი ცნობილი იქნა სექსუალურ შევიწროებაში პასუხისმგებელად და დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 36,000 ლარის ოდენობით. PHR-ი ულოცავს ქალ ფეხბურთელებს ამ გამარჯვებას და მოუწოდებს ყველას იბრძოლონ საკუთარი უფლებების დასაცავად.

ქალი ფეხბურთელების ინტერესებს სასამართლოში წარმოადგენდა ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის".

ადვოკატები: სოფიკო მენაბდიშვილი, ანა აბაშიძე, ანა თავხელიძე. 

მოსამართლე: მანანა ნიკაჭაძე“.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები