კვერნაძე სერია ა-ში - ქართველი გარემარბი ფროზინონეში ითამაშებს
ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ბათუმის „დინამოს“ გარემარბი გიორგი კვერნაძე იტალიურ „ფროზინონეში“ გადასვლასთან ახლოსაა. Corriere dello Sport-ის ცნობით, საიჯარო ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებას მოიცავს. ასევე, კვერნაძე „ნაპოლის“ ორბიტაზე იქნება, ნეაპოლური კლუბი აქტიურად დააკვირდება.
გასულ სეზონში „ფროზინონე“ სერია B-ში პირველ ადგილზე გავიდა და ელიტაში თამაშის უფლება მოიპოვა.
20 წლის გიორგი კვერნაძე „საბურთალოს“ საკუთრებაა და გასული ზამთრიდან მოყოლებული ბათუმის „დინამოში“ იჯარით თამაშობს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 7 შეხვედრაში 1 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, საქართველოს თასის ორ მატჩში 1 გოლით გამოიჩინა თავი.
გასულ თვეში Tuttofrosinone-მ კვერნაძის შესახებ სტატია დაწერა და ასე დაახასიათა:
„კვერნაძე 2003 წელსაა დაბადებული და იმ პოზიციაზე თამაშობს, რომელზეც ნაპოლის 77 ნომერი. კარგი სისწრაფე აქვს, მეტოქესთან პირისპირ თამაშისთვის საჭირო მნიშვნელოვანი უნარებით გამოირჩევა, არაპროგნოზირებადია და დრიბლინგი კარგად გამოსდის. გარდა ამისა, ბრწყინვალე დარტყმა აქვს, რომლის წყალობითაც, მიზნის მიღწევას ხშირად ახერხებს. ის 4-3-3 სათამაშო სქემისთვის იდეალური გარემარბია, რომელიც ყოველთვის რიცხობრივი უპირატესობის შექმნაზეა ორიენტირებული და ფროზინონე სწორედ ამ თვისებებმა დააინტერესა“.
გასული სეზონის დასრულების შემდეგ „ფროზინონეს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ფაბიო გროსომ დატოვა. მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი ეუსებიო დი ფრანჩესკოა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს