„კარგია, ჩემი სიმაღლის მეტოქე რომ მყავს“ - ემეტი თოფურიასთან ჩხუბზე
UFC-ის ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას მომდევნო მეტოქემ, ჯოშ ემეტმა „ელ მატადორთან“ გასამართ ჩხუბზე ისაუბრა. ემეტის თქმით, ილია მისთვის ხელსაყრელი მეტოქეა და თვლის, რომ თოფურიას დაამარცხებს.
„გამოცდილება ჩემ მხარესაა და დიდ ბრძოლებში მიმიღია მონაწილეობა. ვთვლი, რომ სტილისტური გადმოსახედიდან, თოფურია ხელსაყრელი მეტოქეა. კარგია, ჩემი სიმაღლის მოწინააღმდეგე რომ მყავს და ჩემზე ბევრად მაღალ მებრძოლს არ ვეჩხუბები. ილია მრავალმხრივი მებრძოლია, მაგრამ მჯერა, 24 ივნისს ჩემი საღამო იქნება“.
შეგახსენებთ, რომ ემეტი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია და ტოპ 15-ში მე-5 პოზიციას იკავებს. მას კარიერაში 21 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 18 მოგება და 3 წაგებაა. ემეტმა ბოლოს იაირ როდრიგესთან იჩხუბა და მახრჩობელა ილეთით დამარცხდა.
თოფურიას რაც შეეხება, ბოლო ბრძოლა 2022 წლის დეკემბერში, ბრაის მიტჩელის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ვადაზე ადრე, მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. MMA-ში ქართველი მებრძოლის ბალანსი 13:0-ზეა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მე-9 ადგილზე იმყოფება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს