ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

„აქაურობა არასდროს დამავიწყდება“ - სპალეტის ბოლო პრესკონფერენცია ნაპოლიში

იტალიის სერია A-ს დასკვნით ტურში, „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „სამპდორიას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ „პარტენოპეიმ“ კუთვნილი საჩემპიონო თასი ჩაიბარა, ზეიმის დასრულების შემდეგ კი გუნდის მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტიმ ნეაპოლიტანურ კარიერაში ბოლო პრესკონფერენცია გამართა.

რა თქვა სპალეტიმ მედიასთან:

ეს ისეთი დასასრულია, როგორსაც ვისურვებდი. ამაზე მეტი უბრალოდ წარმოუდგენელია. ეს ემოციები სიცოცხლის ბოლომდე გამყვება, აქაურობა არასდროს დამავიწყდება.

ჩვენ სილამაზის, ბედნიერების და სიამოვნების პიკში ვართ. ეს ყველაფერი წარმოუდგენლად ლამაზია და ვიმედოვნებ, რომ გუნდი ამ ბზინვარებას რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნებს.

ნეაპოლში ბევრი რამ ვისწავლე და ამას ვერავინ შეცვლის. ვერავინ ჩაერევა იმ გრძნობაში, რაც ჩემსა და ქალაქს შორის არსებობს. მე მუდამ ნეაპოლისა და ნეაპოლიტანელების გვერდში ვიქნები.

მიფიქრია, თუ არა გადაწყვეტილების შეცვლაზე? მე ვარ ადამიანი, რომელიც ბევრს შრომობს და გამოწვევებს არ უშინდება. მე საკუთარი თავის ერთგული უნდა ვიყო, იმის მიუხედავად, მინდა ეს, თუ არა. ხალხი რასაც იფიქრებს, ეს უკვე მათი პრობლემა იქნება. ამ არჩევანში საკუთარი თავის ერთგული ვარ, ამაზე საკმაოდ დიდხანს ვფიქრობდი. ბუნებრივია, როდესაც ასეთი საღამოების შემდეგ მიდიხარ, გაგიჭირდება, თუმცა საკმაოდ ძლიერ გუნდს გიტოვებთ. როგორ დავემშვიდობე ფეხბურთელებს? მე მათი ტოლი შვილები მყავს და ამან საქმე გამიადვილა. ვუთხარი, რომ ხანდახან შესაძლოა ვარჯიშებზე ვცდებოდე, მაგრამ მათ მიმართ საკმაოდ დიდი პატივისცემა მაქვს. ფეხბურთის მიღმა, რაც დასჭირდებათ, შეუძლიათ მკითხონ. მათთან ისე ვიყავი, თითქოს ჩემი შვილები იყვნენ. ამ ბიჭებისგან საკმაოდ ბევრი მივიღე.

მივიღებ თუ არა ეროვნულ ნაკრებში მუშაობის გამოწვევას? ვერაფერს გამოვრიცხავ. ყოველთვის უნდა ვიფიქრო იმაზე, თუ რა მომცემს სტიმულს. ეროვნული ნაკრები პროფესიული თვალსაზრისით საკმაოდ საპასუხისმგებლო სამუშოა, რომელიც დროდადრო დასვენების საშუალებასაც გაძლევს. ნებისმიერ ადგილზე მუშაობის დროს დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და არ აქვს მნიშვნელობა ეს ნაკრები იქნება, თუ კლუბი.

„ნაპოლის“ სამომავლოდ წარმატებას ვუსურვებ. იმედი მაქვს, ფეხბურთელებს ზუსტად იგივე ბედნიერება ექნებათ, რომელიც მათ ამ სეზონში მომანიჭეს.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი „ნაპოლის“ 2021 წლის ზაფხულიდან ჩაუდგა სათავეში და წელს 33-წლიანი პაუზის შემდეგ გუნდს სკუდეტო მოაგებინა. ამასთან, 64 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით „პარტენოპეი“ არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, სადაც ორმატჩიან დუელში „მილანთან“ 2:1 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სეზონი ბრწყინვალე სპექტაკლით დახურა“ - ხვიჩას იტალიური მედია აფასებს
„სეზონი ბრწყინვალე სპექტაკლით დახურა“ - ხვიჩას იტალიური მედია აფასებს