ესპანიოლი, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

სიგიჟე ვალენსიაში - მამარდაშვილის შეცდომა, სამი სეივი და ფრე ესპანიოლთან

ესპანეთის ლა ლიგის 36-ე ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე გათამაშების ერთ-ერთ აუთსაიდერ „ესპანიოლს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 2:2 ითამაშა.

„ღამურებმა“ ფაქტობრივად ბეწვის ხიდზე გაიარეს და მარცხს ბოლო წუთზე გადაურჩნენ. რომ არა კატალონიელების უყურადღებობა და სამუელ ლინოს კარგი თამაში, დიდი შანსი იყო, რომ ბარახას გუნდი დამარცხებულიყო და ლა ლიგაში დარჩენის მისია მნიშვნელოვნად გაერთულებინა.

მასპინძლებმა ანგარიში 38-ე წუთზე გახსნეს. „ესპანიოლის“ კარში გოლი დიეგო ლოპესმა გაიტანა, თუმცა ზუსტად ორ წუთში მონტესმა წონასწორობა აღადგინა. აღნიშნული გოლის ეპიზოდში მამარდაშვილი უძლური აღმოჩნდა.

სტუმრებმა მეორე ტაიმის დებიუტში დაწინაურება შეძლეს და სამწუხაროდ, ამაში მათ გიორგი მამარდაშვილი დაეხმარა, რომელმაც ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი ერთი შეხებით ვერ დააფიქსირა და დამატებაზე მარტინ ბრაიტვეიტმა ყველას დაასწრო.

„ვალენსიამ“ წონასწორობის აღდგენა და მატჩის გადარჩენა შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე შეძლო. „ღამურებისთვის“ ოქროს გოლის ტოლფასი ბურთი სამუელ ლინომ გაიტანა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

რაც შეეხება მამარდაშვილს, ქართველმა მეკარემ შეცდომის მიუხედავად, რამდენიმე ეფექტური სეივი შეასრულა და შეხვედრა 3 მოგერიებით დაასრულა.

37 ტურის შემდეგ, „ვალენსია“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 41 ქულით მე-15 ადგილზე იმყოფება და გასავარდნ ზონას 2 ქულა აშორებს. რუბენ ბარახას გუნდი დასკვნით ტურში „ბეტისს“ ესტუმრება და ლა ლიგაში დარჩენას მინიმუმ ფრის შემთხვევაშიც გაინაღდებს.

რაც შეეხება „ესპანიოლს“, კატანოლიელებმა ამ ფრით ლა ლიგა 2-ში დაქვეითება გაინაღდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩხუბი, 4 წითელი და ჩემპიონობა - გოჩოლეიშვილის პირველი ტიტული შახტარში
ჩხუბი, 4 წითელი და ჩემპიონობა - გოჩოლეიშვილის პირველი ტიტული შახტარში