ხვიჩა კვარაცხელია, კრისტიანო ჯუნტოლი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„კლუბმა კვარაცხელია და ოსიმენი აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს“ - იტალიელი მწვრთნელი

ვეტერანმა იტალიელმა მწვრთნელმა, უოლტერ ნოველინომ რადიო CRC-ის ეთერში „ნაპოლის“ საჩემპიონო სეზონსა და გუნდის ლიდერებზე ისაუბრა. 69 წლის სპეციალისტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნეაპოლიტანელებისთვის ლიდერების შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება.

რა თქვა ნოველინომ:

ამ სეზონში „ნაპოლიმ“ თითქმის ყველა თამაში უმაღლესი ხარისხით მოიგო. ზოგადად, მოედანზე რაც უფრო დიდი ხარისხი გაქვს, მეტოქეების ჩამოცილება და საჯარიმოში მომენტების შექმნა უფრო მარტივი ხდება. ამის მიუხედავად, რამდენიმე პოზიციაზე გუნდს გაძლიერება აკლია და დარწმუნებული ვარ, მომავალი სეზონისთვის შემადგენლობა გაუმჯობესდება. მთავარია, ის ფეხბურთელები შევინარჩუნოთ, რომლებიც წელს გადამწყვეტნი იყვნენ. კვარაცხელია ბრწყინვალედ ქმნიდა რიცხობრივ უპირატესობას, ოსიმენი კი სივრცეებს იდეალურად ითვისებდა, სიღრმიდანაც კარგად თამაშობდა. მომავალი სეზონისთვის პოლიტანოს და ლოზანოს მოძლიერება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

გუნდს გაუმჯობესება სჭირდება. გარდა გარემარბებისა, ნახევარდაცვაში ისეთი ფეხბურთელების ნაკლებობაა, რომლებიც ნახევარდაცვიდან ბურთის შეტევაში გადატანას შეძლებენ. ახლა, ყველაზე მეტად მაინტერესებს დარჩება, თუ არა ჯუნტოლი. მისი წასვლა კლუბისთვის დიდი დარტყმა იქნება. მას სკაუტთა საკმაოდ დიდი წრე ჰყავს და იდეალურად მუშაობს.

ცნობისთვის, უოლტერ ნოველინო სხვადასხვა წლების განმავლობაში „ნაპოლის“, „სამპდორიას“, „ტორინოსა“ და სხვა ბევრ იტალიურ კლუბს წვრთნიდა, ამჟამად კი სერია C-ს გუნდ „იუვე სტაბიას“ ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონობა ტურნირის დასრულებამდე 5 ტურით ადრე გაინაღდა და სკუდეტო 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო. გუნდი სერია A-ში მომდევნო შეხვედრას 21 მაისს, საკუთარ მოედანზე „ინტერის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დაიწუნეს - ჩელსი ოსიმენისთვის აღარ იბრძოლებს
დაიწუნეს - ჩელსი ოსიმენისთვის აღარ იბრძოლებს