ხვიჩა კვარაცხელია, დიეგო მარადონა, დიეგო მარადონა უმცროსი
Aa
Aa

„თუ ხვიჩა საქართველოში დამპატიჟებს, ხვალვე წამოვალ“ - დიეგო მარადონას შვილი

„ნაპოლისა“ და არგენტინის ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელის, დიეგო მარადონას ვაჟი, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს.

რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა P.S.-ის მიკროფონთან დიეგო მარადონა უმცროსმა ქართველი ფეხბურთელის მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალა.

რას ამბობს უმცროსი მარადონა:

მამა დღევანდელი „ნაპოლით“ ძალიან იამაყებდა, გუნდით, რომელმაც არამხოლოდ სკუდეტო მოიგო, არამედ დაიპყრო და დაამარცხა ყველა და ყველაფერი. ამ გუნდით ყველა ვამაყობთ. ხვიჩა ნამდვილად გამორჩეული ფეხბურთელია. ის არის მოთამაშე, რომელიც მაშინაც კი, როდესაც გუნდი რთულ მდგომარეობაშია, არ ერიდება ამ სირთულეებთან შეჭიდებას და ბურთი ყოველთვის წინ მიაქვს. ხვიჩა უშიშარია, მუდმივად შეტევაში მიდის, მეტოქესთან პირისპირ კარგად თამაშობს, არ ეშინია დარტყმის, დრიბლინგის. მას გამორჩეული ხასიათი და ინდივიდუალური თვისებები აქვს. მის ასაკში ასე იშვიათად ხდება, მსგავსი ფეხბურთელის პოვნა რთულია. „ატალანტასთან“ საოცარი გოლი გაიტანა, თამამად ვიტყვი, ეს „მარადონასეული“ გოლი იყო, ულამაზესი მოძრაობებით... კვარაცხელიას უმაღლესი კლასის მოთამაშის მოქმედებები აქვს.

მიმდინარე წელი განსაკუთრებულია, რადგან „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი გახდა. დაბადებიდან „ნაპოლის“ გულშემატკივარი ვარ და ამ წარმატებას როგორც მე, ისე „ნაპოლის“ ფანები 33 წლის განმავლობაში ველოდით. მართალია ამ დროის განმავლობაში იტალიის თასი და სუპერთასი მოვიგეთ, მაგრამ ეს ის არ ყოფილა, რაც გულშემატკივრებს სურდათ. სანამ ხვიჩა „ნაპოლიში“ გადმოვიდოდა, მის შესახებ რამდენიმე თვით ადრე შევიტყვე. ერთხელ, ვახშამზე სპალეტიმ მითხრა, რომ გუნდმა უძლიერესი ქართველი ფეხბურთელი შეიძინა და მალე ვნახავდით, რამხელა ამბავს დაატრიალებდა. მხოლოდ ვიდეოებში მყავდა ნანახი, პირველად კი მას წინასასეზონო შეკრების დროს ვუყურე და ვთქვი - „ღმერთო, ეს ვინ არის“. უძლიერესია! რაც მაშინ ვიფიქრე, იყო ის, რომ ხვიჩა გადამწყვეტი ფეხბურთელი იქნებოდა და ასეც აღმოჩნდა. ვფიქრობ, შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს და თუ ასე გააგრძელებს, სამეულშიც შევა.

დიდი სიამოვნებით ვეწვევი საქართველოს. თუ კვარა დამპატიჟებს, ხვალვე წამოვალ. თქვენ კი მადლობა, რომ ქართველ ხალხთან საუბრის შესაძლებლობა მომეცით. მიხარია, იმის გამო, რომ სკუდეტოს მოგებაში ერთ-ერთი მთავარი წვლილი ქართველს მიუძღვის.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში 31 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როცა მოედანზეა, ნაპოლი შეტევაში სხვა გუნდია“ - იტალიური მედიის შეფასება
„როცა მოედანზეა, ნაპოლი შეტევაში სხვა გუნდია“ - იტალიური მედიის შეფასება