ლუჩანოს ეს არ მოსწონს - რაზე ვერ თანხმდებიან სპალეტი და დე ლაურენტისი?
ლუჩანო სპალეტის მომავალი ამ დრომდე გაურკვეველი რჩება და იტალიური პრესა სულ უფრო მეტად ინტერესდება, თუ რატომ ვერ ხერხდება პრეზიდენტსა და მწვრთნელს შორის შეთანხმება. რა არის ამის მიზეზი?
ნეაპოლური ilmionapoli და Corriere dello Sport-ი იტყობინება, რომ სპალეტის პრეზიდენტ დე ლაურენტისის სამომავლო გეგმები არ მოსწონს. კერძოდ, გუნდიდან მიდის სპორტული დირექტორი ჯუნტოლი, რომელმაც სატრანსფერო ბაზარზე გასულ ზაფხულს ნეაპოლელებისთვის სასწაულები მოახდინა.
ასევე, სპალეტის არ მოსწონს ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი შემადგენლობის გაძლიერებას არ გეგმავს და პირიქით, შესაძლოა გუნდმა რამდენიმე ლიდერი დაკარგოს. მაგალითად, ოსიმენი და კიმი.
ამ მომენტისთვის სპალეტი ახალ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას არ აპირებს და ამის მიზეზები უკვე ვიცით. პრეზიდენტი დე ლაურენტისი კი სათადარიგო გეგმაზე მუშაობს, რომ სპალეტის წასვლის შემთხვევაში გუნდს ახალი მწვრთნელი რაც შეიძლება სწრაფად ჰყავდეს.
1 კვირის წინ დაიწერა, რომ სპალეტის სავარაუდო შემცვლელთა სიაში დე ძერბი და ანტონიო კონტე იმყოფებიან. სიას დღეს „მონცას“ მთავარი მწვრთნელი რაფაელე პალადინო და „უდინეზეს“ დამრიგებელი ანდრეა სოტილი შეემატნენ.
თუმცა დადასტურებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს. დე ლაურენტისისთვის პრიორიტეტს ჯერჯერობით მაინც სპალეტის დარჩენა წარმოადგენს.