ხორხელის მაგარი გოლი - სამგურალმა თბილისის დინამო დაამარცხა
Crystalbet ეროვნული ლიგის მორიგ ტურში საინტერესო დაპირისპირება გაიმართა. „სამგურალმა“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ სტუმრები მე-11 წუთიდან 10 ფეხბურთელით დარჩნენ. მსაჯმა მინდვრიდან კუტალაძე გააძევა. ანგარიში 42-ე წუთზე ხორხელმა გახსნა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
მეორე ნახევარში ბურთს უფრო ხშირად მოქმედი ჩემპიონები აკონტროლებდნენ, რამაც შედეგი 57-ე წუთზე გამოიღო. იმრანმა წონასწორობა აღადგინა და „დინამოს“ 3 ქულის მოპოვების იმედი გაუჩნდა, თუმცა 78-ე წუთზე ხორხელის პასით ჩიხრაძემ ისარგებლა და თბილისელებს გამარჯვების მომტანი გოლი გაუტანა.
ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, „სამგურალი“ სატურნირო ცხრილში 28 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება, ხოლო ჭიაბრიშვილის გუნდი 24 ქულით მესამე პოზიციას იკავებს.