მანჩესტერ იუნაიტედი კიმის შეძენასთან ახლოსაა
„ნაპოლი“ მიმდინარე სეზონის მთავარი სიურპრიზი და სასაუბრო თემაა. ნათელია, რომ სატრანსფერო ბაზარზე ნეაპოლელებს ევროპული გრანდები მაცდური წინადადებებით მიადგებიან, თუმცა პრეზიდენტი დე ლაურენტისი ჯერჯერობით მყარად დგას და მაგალითად, კვარაცხელია-ოსიმენის დუეტის გაყიდვაზე მტკიცე უარს აცხადებს, თუმცა კიმ მინ ჯაეს შემთხვევაში ვითარება სხვაგვარია.
Areanapoli Corriere dello Sport-ზე დაყრდნობით წერს, რომ კორეელი მცველის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია.
როგორც ცნობილია, კიმის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც ფეხბურთელის მსურველ კლუბს 1-დან 15 ივლისამდე მისი შეძენა დაახლოებით 50-60 მილიონ ევროდ შეეძლება და შეთავაზების მიღების შემთხვევაში „ნაპოლის“ უარის თქმის უფლება არ აქვს.
წყაროს ცნობით, კორეელით „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინტერესდება და თუ „მანკუნიანელები“ დაახლოებით 60 მილიონს გადაიხდიან, დიდი ალბათობით ფეხბურთელს გაიფორმებენ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ კიმი 18 მილიონად იყიდა და მისი შესაძლო გაყიდვით კლუბი ფინანსურ მოგებას ყველა ვარიანტში ნახავს, თუმცა კორეელი დაცვის ნამდვილი ლიდერია და რთული წარმოსადგენია ამ ფასად „ნაპოლიმ“ მისი დონის მცველი კიდევ შეიძინოს.