„ბრძოლა მოგვიწევს“ - ილიას ზუროსის პირველი კომენტარი წილისყრაზე
2023 წლის საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ჯგუფების წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები გამოვლინდნენ. ჯამში 8 კალათი შეიქმნა და საქართველო კი მე-6 კალათში ჩინეთთან, ლატვიასთან და მექსიკასთან ერთად იმყოფებოდა. წილისყრის შედეგად კი ილიას ზუროსის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე F ჯგუფი სლოვენიასთან, ვენესუელასთან და კაბო ვერდესთან ერთად მოხვდა.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური ილიას ზუროსის მოკლე კომენტარს ავრცელებს: „მსოფლიოზე პირველად ვთამაშობთ, ჩვენთვის ეს დიდი გამოცდილება იქნება! რთული ჯგუფი შეგვხდა და ბრძოლა მოგვიწევს“.
მსოფლიო ჩემპიონატს ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია უმასპინძლებენ, 25 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.