იტალია აკვირდება - Calciomercato-ს სტატია მიქაუტაძეზე
„მეცის“ ქართველ ფეხბურთელზე, გიორგი მიქაუტაძეზე კიდევ ერთმა იტალიურმა გამოცემამ დაწერა. Tuttosport-ის შემდეგ, ახალგაზრდა თავდამსხმელზე Calciomercato-მ ისაუბრა და საკუთარ მკითხველს მიქაუტაძე ახლოდან გააცნო.
„მისი კუმირი იბრაჰიმოვიჩია და CR7-ის ოსტატობა აქვს: იტალია ხვიჩა კვარაცხელიას „ძმას“, გიორგი მიქაუტაძეს აკვირდება“, - ასეთია სტატიის სათაური და აი, რას წერს იტალიური გამოცემა:
„კვარაცხელია და მისი ძმები. ქართულ ფეხბურთს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს და მისთვის პოლარულ ვარსკვლავს რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელია წარმოადგენს, თუმცა საფრანგეთში თამაშობს 2000 წელს დაბადებული თავდამსხმელი, რომელიც გოლებით გზას იკვალავს. ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 31 შეხვედრაში, 19 გოლი გაიტანა და მისი ამბიცია მეცის ლიგა 1-ში დაბრუნებაა. მიქაუტაძის გუნდს ბორდოსთან დიდი ბრძოლა აქვს გაჩაღებული. ჟირონდელთა რიგებში გიორგის თანამემამულე, ზურიკო დავითაშვილი ასპარეზობს, რომელმაც კარიერა დინამო თბილისში, კვარასთან ერთად დაიწყო და რუბინში და დინამო ბათუმში უთამაშია.
ზურიკოსგან განსხვავებით, მიქაუტაძე საქართველოში არ დაბადებულა. იგი ლიონში დაიბადა და ბავშვობა კარიმ ბენზემას, ალექსანდრ ლაკაზეტისა და ამინ გუირის მშობლიურ ქალაქში გაატარა. „ძალიან პატარა ხარ“ - უთხრეს მას, რათა ახალგაზრდული გუნდიდან მისი გაშვება გაემართლებინათ და ეს გადაწყვეტილება გიორგისთვის მეორე შანსი აღმოჩნდა. მიქაუტაძე ჯერ მეცში იმყოფებოდა, შემდეგ ბელგიურ კლუბში, სერენში იჯარით იასპარეზა და 2 სეზონში გატანილი 36 გოლით საკუთარ გუნდში, სადაც პიანიჩსა და მანეს უთამაშიათ, თავის გამოჩენის შანსი კიდევ ერთხელ მიიღო. წლეულს, გიორგი აფეთქდა და ბევრი კლუბის ყურადღება მიიპყრო, რომელთა შორის იტალიურებიც არიან. კიდევ ერთი კვარა სერია A-ში? რატომაც არა?!“, -წერს Calciomercato.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძის „მეცი“ ლიგა 2-ის მე-3 ადგილს იკავებს და „ბორდოს“ 1 ქულით ჩამორჩება. გიორგის გუნდის მომდევნო გაჩერება „პარიზია“, რომელსაც 29 აპრილს დაუპირისპირდება.