ნაპოლი-სალერნიტანას მატჩის თარიღი შეიცვლება | პარტენოპეის სათადარიგო გეგმაც აქვს
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „სალერნიტანასთან“ გასამართი მატჩის (შაბათს, 17:00-ზე იწყება) თარიღის შეცვლას ითხოვს. ნეაპოლელებს სურთ, მათი და „ინტერისა“ და „ლაციოს“ დაპირისპირება ერთ დღეს გაიმართოს, რათა სასურველი შედეგების შემთხვევაში, „სკუდეტო“ გულშემატკივრებთან ერთად, საკუთარ სტადიონზე აღნიშნონ.
იტალიური გამოცემების ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილებას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს და Tuttonapoli-ის ცნობით, ვერდიქტი რამდენიმე საათში გასაჯაროვდება. მოსალოდნელია, რომ „პარტენოპეის“ მოთხოვნას დააკმაყოფილებენ, თუმცა სხვა ვარიანტებიც განიხილება. საინტერესოა, რომ თუ „ნაპოლისა“ და „სალერნიტანას“ მატჩი კვირას ჩატარდება, 2 მაისს ჩანიშნული „უდინეზესა“ და „პარტენოპეის“ დაპირისპირების თარიღიც უნდა შეიცვალოს.
Calcio Napoli 24-ის ინფორმაციით, თუ ნეაპოლელებმა უარი მიიღეს, სათადარიგო გეგმას აამოქმედებენ. „პარტენოპეის“ ხელმძღვანელები, ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, კვირას, „ინტერისა“ და „ლაციოს“ მატჩისას, დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონს გულშემატკივრებისთვის გახსნიან და ქომაგები ზემოთ ხსენებულ შეხვედრას დიდ ეკრანებზე უყურებენ. თუ „ნაპოლისთვის“ სასურველი შედეგი დაფიქსირდა, საზეიმო ღონისძიებებს ვიხილავთ.
როგორც მოგეხსენებათ, შაბათს, თუ „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „სალერნიტანას“ დაამარცხებს და მეორე დღეს, „ლაციო“ სტუმრად „ინტერს“ ვერ მოუგებს, მაშინ ნეაპოლელები სერია A-ს ჩემპიონობას გაინაღდებენ.