იუვენტუსს ახალი პრობლემა აქვს | შესაძლოა ევროტურნირებს ჩამოაშორონ
ტურინის „იუვენტუსი“ ახალი პრობლემის წინაშე დგას. გავლენიანი იტალიური გამოცემის, La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, შესაძლოა, უეფამ „ბებერი ქალბატონი“ დასაჯოს და ევროტურნირებს მინიმუმ 1 წლით ჩამოაშოროს.
როგორც მოგეხსენებათ, „იუვეს“ ჩამოკლებული 15 ქულა ახალი გამოძიებისა და საქმის ხელახლა გადახედვის პროცესის დასრულებამდე დაუბრუნეს. თუ ამ საკითხზე საბოლოო ვერდიქტი უახლოეს თვეებში არ იქნა გამოტანილი, „ბიანკონერის“ დისკვალიფიკაციას მისცემენ.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, უეფამ ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის მონაწილეების სია ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ უნდა შეადგინოს, რომელიც 10 ივნისსაა ჩანიშნული. „იუვენტუსს“ შესაძლოა, დამატებითი დრო ივლისამდე ან აგვისტოს დასაწყისამდე მისცენ, მაგრამ თუ ამ თარიღამდე იტალიელმა სამართალდამცველებმა ვერდიქტი ვერ გამოიტანეს, ტურინელები სასჯელს მიიღებენ. უეფა პარალელურ გამოძიებას ატარებს და მაღალი შანსია, „იუვე" ევროტურნირების მიღმა დარჩეს.
საინტერესოა, რომ Football Italia-ს ცნობით, არის შანსი, ახალი გამოძიება ერთ თვეს გაგრძელდეს ან მიმდინარე სეზონის ბოლომდე ვერ დასრულდეს. ასე რომ, არაა გამორიცხული, „ბებერი ქალბატონი“ სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს.