ფედელე: „როცა ნაპოლის ჩემპიონობაზე ვსაუბრობდი, გიჟად მთვლიდნენ“
ყოფილმა საფეხბურთო აგენტმა და ამჟამად ტელეწამყვანმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-სთან „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, „ნაპოლის“ ჩემპიონობაზე ნოემბრიდან მოყოლებული საუბრობდა, თუმცა მასზე ამბობდნენ, რომ მისი მოსაზრება რეალობისგან შორს იყო.
ფედელე ნაპოლის ჩემპიონობაზე: „სკუდეტოს შესახებ ნოემბრიდან მოყოლებული ვსაუბრობდი და ფიქრობდნენ, რომ გიჟი ვიყავი, გიჟად მთვლიდნენ. ამ სეზონში ჩვენ გვყავს კვარაცხელია, რომელიც ტალანტია და თამაშში განსხვავებას ქმნის, ეს სიმართლეა.
„იუვენტუსთან“ შეხვედრაში „ნაპოლი“ იდენტურ შეცდომას უშვებდა, მეტოქის კონტრშეტევისას დაცვა საიმედოდ ვერ მოქმედებდა. ეს ის „ნაპოლი“ არაა, როგორიც 2 ან 3 თვის წინ იყო“.
ფედელე „ნაპოლის“ ამჟამინდელ პროექტზე: „გაგრძელდება თუ არა „ნაპოლის“ ეს პროექტი დიდხანს? სრულიად არა. „ნაპოლის“ პრეზიდენტი პატარ-პატარა რევოლუციებს გააკეთებს, თუმცა ეს არ იქნება გრძელვადიანი პროექტები“.
„არის თუ არა სპალეტი ნეაპოლელი ქომაგების ყველაზე საყვარელი მწვრთნელი? არა, ასეთი ედუარდო რეიაა. შესანიშნავი ღვინის გასაკეთებლად, კარგი ყურძენია საჭირო. თუ ბრწყინვალე ღვინოს მაღალი ხარისხის ყურძნის გარეშე გააკეთებ, ეს შენზე მეტყველებს, უფრო მაღალი დონის ხარ. რეიამ სერია ბ მოიგო და ინტერტოტოზე გაგვიყვანა, ეს არ დავივიწყოთ. სპალეტი ისეთივე კარგი მწვრთნელი არაა, როგორიც რეია იყო“.
შეგახსენებთ, სერია ა-ს 31-ე ტურში „იუვენტუსი“ შინ „ნაპოლისთან“ 0:1 დამარცხდა. გამარჯვების გოლი მეორე ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე ელმასის პასით რასპადორიმ გაიტანა. ხვიჩა კვარაცხელიამ სასტარტოში ითამაშა და ლუჩანო სპალეტიმ 86-ე წუთზე რასპადორით შეცვალა. 31 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ პირველ ადგილზეა, მეორეადგილოსან „ლაციოს“ 17 ქულით უსწრებს.