„მისი გოლი თამაშს დაასრულებდა“ - ვაისი ჩაკვეტაძის აცილებაზე
სლოვაკეთის ფორტუნა ლიგაში „ჟილინა“ შინ ბრატისლავას „სლოვანთან“ 2:4 დამარცხდა. ფორტუნა ლიგაში 28 ტურის შემდეგ „დუნაისკა სტრედა“ 61 ქულით პირველ ადგილზეა, მეორეადგილოსან „სლოვანს“ 1 ქულით უსწრებს.
„ჟილინასთან“ მატჩის მე-5 წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის საგოლე პასით გრინმა ანგარიში გახსნა. 23 წლის ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონში საერთო ჯამში 40 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი და 8 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.
21-ე წუთზე გურამ კაშიას საგოლე პასს ჩავრიჩის გოლი მოჰყვა. 35 წლის ვეტერანმა მცველმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 35 შეხვედრაში 4 გოლი შეაგდო, 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
0:2-ზე გიორგი ჩაკვეტაძეს ანგარიშის სამამდე გაზრდის შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა ცარიელ კარში ვერ გაიტანა. „ჟილინამ“ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ჩავრიჩისა და ვაისის გოლებით გამარჯვება „სლოვანს“ დარჩა - 2:4.
„სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მატჩი შეაფასა, ჩაკვეტაძის მომენტიც ახსენა:
„შეტევაში ეფექტურები ვიყავით, 0:2-ზე ჩაკვეტაძეს რომ გაეტანა, ანგარიში 0:3 გახდებოდა და თამაში დასრულდებოდა. შემდეგ მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა, 2:2-ზე ფეხბურთელების მოტივირება რთული იყო, თუმცა მატჩი წარმატებულად დავასრულეთ“.
ჩაკვეტაძის გამოუყენელი მომენტი