ალეგრი: “ნაპოლი სერია ა-ს დამსახურებულად იგებს“
სერია ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. „იუვენტუსი“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ალეგრი:
„“ნაპოლი ჩემპიონატს დამსახურებულად იგებს. მათ შესანიშნავი სეზონი აქვთ. ეს არის ძლიერი გუნდი, რომელთანაც რთული თამაში გვექნება. დაცვის პრობლემა? ხვალ ვნახავ როგორ გრძნობენ თავს. ბრემერს არაფერი აწუხებს. ბონუჩი და რუგანიც კარგად არიან. დე შილიო სრულიად ხელმისაწვდომია. ჯერჯერობით არ ვიცი კიეზას მდგომარეობა.
ბოლო პერიოდში თავდამსხმელებს გოლების გატანა უჭირთ. „ნაპოლის“ ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. არ ვიცი ვინ დააკლდება მათ. ამ კუთხით დიდად არ ვინტერესდები. სპალეტის გუნდმა ყველანაირი კითხვის ნიშანი მოკლა. კარგია რომ ქულები დაგვიბრუნეს. ახლა ყველა თამაში უნდა მოვიგოთ, რადგან შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გვსურს თამაში.“
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, სააპელაციო სასამართლომ „იუვენტუსს“ დაკლებული 15 ქულა დაუბრუნა, თუმცა დროებით. ამ მომენტისთვის, „ბებერი ქალბატონი“ 59 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო „ნაპოლი“ 75 ქულით სერია ა-ს ლიდერობს. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 23 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.