გუარდიოლა: “ქამბექი ბაიერნის მენტალიტეტშია“
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში „ბაიერნი“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „ქალაქელების“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
გუარდიოლა:
„ფილ ფოდენის დაბრუნებით მოხარული ვარ. ვარჯიში განაახლა და ეს გუნდისთვის შესანიშნავი ამბავია. ერთხელ ივარჯიშა, თუმცა გადავწყვიტე, რომ გერმანიაში ჩვენთან ერთად იყოს და სათადარიგოთა სკამზე დაჯდეს. 90 წუთს ვერ ითამაშებს, მაგრამ მისი ფიზიკური კონდიციები დატვირთვის საშუალებას იძლევა.
რა თქმა უნდა თავის დაცვას ვაპირებთ. დაცვა თამაშის ნაწილია და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვიზამთ. გვაქვს შესაძლებლობა, რომ „სიტის“ სიძლიერე ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ისევ დავამტკიცოთ. რა თქმა უნდა, თამაშის მოგებას ვეცდებით. აქ ვმუშაობდი და ვიცი, რომ „ბაიერნის“ მენტალიტეტში ქამბექი მყარად არის გამჯდარი.
ჩვენ ბოლო 6-7 წლის განმავლობაში ყველა ტურნირზე ფავორიტები ვართ და დღესაც ასეა. სასიამოვნოა ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში მონაწილეობის მიღება. წინ მნიშვნელოვანი შეხვედრები გველოდება, მათ შორის ინგლისის თასის ნახევარფინალი და „არსენალთან“ დაპირისპირება.“
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „მანჩესტერ სიტის“ განმეორებითი მატჩი 19 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.