„ნორმალური მატჩი მქონდა“ - ბუდუ და კარლსრუეს თავკაცი ზივზივაძის სტარტზე
„კარლსრუეს“ ფეხბურთელმა, ბუდუ ზივზივაძემ გერმანული კლუბის მაისურით, „არმინიას“ წინააღმდეგ გამართულ მატჩზე ისაუბრა, რომელშიც ძირითად შემადგენლობაში პირველად გაამწესეს. ბუდუმ საკუთარი თამაში შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ დრო დარჩენილ შეხვედრებშიც მიეცემა.
„ნორმალური მატჩი მქონდა. ძირითად შემადგენლობაში პირველად ვითამაშე და გამომდინარე აქედან, მარტივი არაფერი ყოფილა, თუმცა, მუშაობას გავაგრძელებ და იმედი მაქვს, მომდევნო შეხვედრებში გოლსაც გავიტან. არმინიასთან გამარჯვებას ვიმსახურებდით და ვიმედოვნებ, სათამაშო დრო დარჩენილ მატჩებშიც მომეცემა“.
ზივზივაძის თამაშს „კარლსრუეს“ თავკაცი, კრისტიან აიხნერიც გამოეხმაურა და განაცხადა: „ბუდუმ სათანადოდ ითამაშა. მან საკუთარი ფიზიკური მონაცემები კარგად გამოიყენა და აჩვენა, რომ შეუძლია, მეტოქეებს პრობლემები შეუქმნას. რა თქმა უნდა, მასთან მიმართებით, ყველა პროცესი 100 პროცენტით დასრულებული არაა და ეს ნორმალურია. ძირითად შემადგენლობაში დებიუტი პირველი ნაბიჯი იყო და კმაყოფილი ვარ“.
შეგახსენებთ, რომ ბუდუმ „არმინიასთან“ 62 წუთი ითამაშა. ამ დროში, 2 დარტყმა და 1 საკვანძო პასი ჰქონდა. ბურთს 26-ჯერ შეეხო, მისი ზუსტი პასების პროცენტი 60 გახლდათ და 16-დან 5 ორთაბრძოლა მოიგო.