საზონოვი: „ევროპის ჩემპიონატზე მედლებისთვის ბრძოლა შეგვიძლია“
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „დინამოს“ ფეხბურთელმა საბა საზონოვმა მოქალაქეობის შეცვლასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. მან Sport24-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო მისი დედაა, რუსეთი - მამა. მის ამ კომენტარს დიდი გამოხმაურება, თუმცა აღნიშნულის გარდა სხვა თემებზეც ისაუბრა, მათ შორის საქართველოში გასამართ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე.
„ხვიჩა შთამაგონებელია, მისი წარმატება მახარებს, თუმცა იქ არიან ბიჭები, რომლებიც ევროპაში ასევე კარგად თამაშობენ. ვფიქრობ, საქართველოს კარგი თაობა ჰყავს, როგორც ეროვნულ, ასევე ახალგაზრდულ ნაკრებში. ჩვენ ბევრის მიღწევის რესურსი გვაქვს, ევრო 2023-ზე მედლებისთვის ბრძოლა შეგვიძლია. ტურნირი საქართველოში ტარდება, რაც დიდი პლუსია.

უნდა ნახოთ, ქომაგები ნაკრების თამაშზე როგორ მოდიან, სტადიონი ყოველთვის სავსეა, 1 თავისუფალი ადგილიც არაა. რა თქმა უნდა, ასეთ გარემოში თამაში გაცილებით უფრო სასიამოვნოა. ანალოგიური ატმოსფერო „ლუჟნიკის“ სტადიონზე იყო, როცა რუსეთის თასის ფინალში ვითამაშეთ. ქომაგთა 75 პროცენტი „სპარტაკს“ გულშემატკივრობდა, თუმცა ატმოსფერო ბრწყინვალე იყო, 5 მეტრის მანძილზე ფეხბურთელებს ერთმანეთის არ გვესმოდა. სიგიჟე იყო“.
შეგახსენებთ, საბა საზონოვი 21 წლისაა, საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება 2022 წლის სექტემბერში მიიღო. 17 ნოემბერს, მან მაროკოსთან სადებიუტო მატჩი ჩაატარა, გასულ თვეში კი მონღოლეთის წინააღმდეგ ითამაშა. ასევე, საბა საზონოვი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატია, რამაზ სვანაძის გუნდი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს, რომელსაც საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ.