„ჩემპიონობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა“ - პეპ გუარდიოლა
„ნოტინგემთან“ ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ განაცხადა, რომ პრემიერლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, მიუხედავად იმისა, რომ „ქალაქელებსა“ და პირველ ადგილზე მყოფ „არსენალს“ შორის სხვაობა უკვე 7 ქულას შეადგენს.
„ჯერ კიდევ ბევრი თამაშია დარჩენილი, თანაც, მათ ერთი მატჩით მეტი აქვთ ჩატარებული. წინ ასოციაციის თასზე „ნიუკასლთან“ დაპირისპირება გველის და მე ახლა მხოლოდ ამაზე ვფიქრობ.
საერთო ჯამში კარგად ვითამაშეთ, თუმცა გაუმჯობესების შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს. ზოგ შეხვედრებში მოგებას არ ვიმსახურებდით, მაგრამ დღეს ნამდვილად კარგად ვითამაშეთ.
„ნოტინგემი“ დაცვაში კარგად გამოიყურება. შესაძლოა, ერლინგ ჰოლანდს მეტი პასი უნდა მიეღო, იმიტომ რომ ის კარგად იხსნებოდა - თუმცა საერთო ჯამში თამაშით კმაყოფილი ვარ.
პოტენციური პენალტი მეორე ტაიმში? ვფიქრობ, იმდენად კარგად უნდა ვითამაშოთ, რომ მსაჯების ჩარევა შეუძლებელი იყოს. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა. მსაჯების იმედად ყოფნა შეუძლებელია და მეტს ვერაფერს დავამატებ“.
ცნობისთვის, „არსენალს“ 67 ქულა აქვთ და მიკელ არტეტას გუნდი პრემიერლიგაში კიდევ 8 მატჩს ჩაატარებს. 60 ქულით მეორე ადგილზე მყოფ „სიტის“ 9 მატჩი აქვს ჩასატარებელი. აღსანიშნავია ისიც, რომ 19 აპრილს, 33-ე ტურში არტეტას გუნდი გუარდიოლას გუნდს ესტუმრება და დიდი ალბათობით ჩემპიონობის ბედი სწორედ ამ შეხვედრაში გადაწყდება.