VAR-ის გაუმჯობესება - ზიდანი, ანჩელოტი, მალდინი და სხვები უეფა-ს ახალ საბჭოში
გადატვირთული კალენდარი, ვიდეო რეფერის მუშაობა - ამ თემებთან დაკავშირებით, უეფა საკოორდინაციო საბჭოს შექმნას გეგმავს, რომელშიც გამოცდილი სპეციალისტები და ყოფილი ფეხბურთელები იმუშავებენ.
ბრიტანული The Athletic-ი წერს, რომ საბჭოს სათავეში ლეგენდარული ხორვატი ნახევარმცველი ზვონიმირ ბობანი ჩაუდგება, რომელიც ამჟამად უეფაში მუშაობს და ფეხბურთის განყოფილების ხელმძღვანელია.
გადატვირთულ საფეხბურთო კალენდარს ბევრი მწვრთნელი აკრიტიკებს, მათ შორის კლოპი, გუარდიოლა და სხვები. ასევე გაურკვევლობებია ვიდეო რეფერის მუშაობასთან დაკავშირებითაც. ხსენებული საბჭოს მუშაობა სწორედ მსგავსი რთული საკითხების მოგვარებას მოემსახურება.
ამ მომენტისთვის ხსენებულ სიაში მოურინიო, ზიდანი, ანჩელოტი, რიო ფერდინანდი, გარეთ საუთგეიტი, ფაბიო კაპელო, ხავიერ ძანეტი, პაოლო მალდინი, ფილიპ ლამი, ლუიშ ფიგუ, მიქაელ ლაუდრუპი, რონალდ კუმანი, რობერტო მარტინესი, რაფაელ ბენიტესი, პრედრაგ მიატოვიჩი, რუდი ფილერი, ხუან მატა, პეტრ ჩეხი, იურგენ კლინსმანი და რობი კინი შედიან.
ხსენებული საბჭოს სხდომა ყოველწლიური იქნება და წელიწადში ერთხელ გაიმართება. ამჯერად, პირველი სხდომა 24 აპრილს არის ჩანიშნული, რომელზეც ვიდეო რეფერის მუშაობაზე და მჭიდრო კალენდარზე იქნება საუბარი.