COPE: „მამარდაშვილის აგენტები ჩელსის წარმომადგენლებს შეხვდნენ“
„ვალენსიას“ ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი „ჩელსის“ რადარზე იმყოფება. ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ, ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ, COPE-მ გაავრცელა და დეტალების შესახებაც დაწერა.
COPE-მ დაადასტურა Geo Team-ის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „მამარდას“ აგენტები ლონდონში იმყოფებოდნენ. ესპანურმა გამოცემამ გვაუწყა, რომ ქართველი ფეხბურთელის წარმომადგენლები „ჩელსის“ ხელმძღვანელებს შეხვდნენ და შემდეგ „ლივერპულისა“ და „არისტოკრატების“ მატჩს დაესწრნენ.
COPE-ს ცნობით, „ჩელსი“ მამარდაშვილის გადაბირებით სერიოზულადაა დაინტერესებული და მზადაა, „ვალენსიას“ წინადადებით ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე მიმართოს. ამ ნაბიჯით, „ლურჯები“ კონკურენტებთან ბრძოლაში დაწინაურდნენ და მიზანს მიუახლოვდნენ.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ქართველმა მეკარემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 27-ვე შეხვედრა სასტარტოში შეუცვლელად ჩაატარა. მის აქტივში 5 მშრალი მატჩია. გარდა ამისა, ესპანეთის თასზე 3-დან ორ შეხვედრაში გოლი არ გაუშვია. ასე რომ, საერთო ჯამში ამ სეზონში 7 მშრალი შეხვედრა დააგროვა, რაც აუტსაიდერი გუნდის მეკარისთვის საკმაოდ კარგი შედეგია.