მეცის მეკარე მიქაუტაძეზე: „გაგვიმართლა, მისნაირი ფეხბურთელი რომ გვყავს“
„მეცის“ მეკარემ, ალექსანდრ უკიჯამ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა და ქართველი თავდამსხმელი შეაქო. მიქაუტაძემ, „ლავალის“ წინააღმდეგ 1:0-ით მოგებულ შეხვედრაში, ბრწყინვალე გოლი გაიტანა და უკიჯას თქმით, ის არის ფეხბურთელი, რომელსაც რთულ მატჩებში ნაპერწკლის გაჩენა შეუძლია.
„მიქაუტაძის მადლიერები ვართ, რადგან თავი გამოიჩინა და მისი გოლი ძალიან გვჭირდებოდა. მატჩის შემდეგ, ლავალის მოთამაშეს გავესაუბრე და ვუთხარი, რომ ჩვენზე უკეთესი შეხვედრა ჩაატარეს, მაგრამ გაგვიმართლა და გვყავს ფეხბურთელი, რომელსაც ასეთ თამაშებში ნაპერწკლის გაჩენა შეუძლია.
გენიოსის გამონათება ვიხილეთ და 3 ქულას სიამოვნებით მივიღებთ. ჩემპიონატის დასრულებამდე 9 ტურია დარჩენილი და ყველაფერი წინაა. მოდუნება არ შეიძლება, რადგან ჩვენი მდევრები ბასტია, სოშო და ბორდო არიან და უნდა ვეცადოთ, შეცდომები მაქსიმალურად აღმოვფხვრათ“.
შეგახსენებთ, რომ „მეცს“ 51 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე ადგილს იკავებს. გიორგი მიქაუტაძის გუნდის უშუალო მდევარი ზურიკო დავითაშვილის „ბორდოა“, რომელიც თავის შეხვედრას დღეს გამართავს და 3 ქულის აღების შემთხვევაში, „მეცს“ 2 ქულით გადაასწრებს. ზურიკოს გუნდი ჩვენი დროით 22:45-ზე, „გენგამს“ დაუპირისპირდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს