„უჩვეულო გამბედაობა აქვს, ერთი-ერთზე უბადლოა“ - ელ კადური ხვიჩაზე
„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ომარ ელ კადურიმ, რომელიც ამჟამად პაოკ-ში ნიკა ნინუას თანაგუნდელია, ilroma-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მან ხვიჩას მთავარ თვისებად უჩვეულო გამბედაობა დაასახელა.
„კვარაცხელია? მას უჩვეულო გამბედაობა აქვს და ეს მისი ფუნდამენტური ხასიათია. მისი ტექნიკური შესაძლებლობები საშუალოზე მაღალი დონისაა. ერთი-ერთზე თამაშსა და კარისკენ დარტყმაში მოწინააღმდეგე არ ჰყავს, უბადლოა. მას თითქმის ყველაფერი აქვს, რაც თანამედროვე ფეხბურთელს სჭირდება. ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და კვლავ შეუძლია ზრდა. იმედი მაქვს, „ნაპოლიში“ დიდხანს დარჩება და ბევრ ბრწყინვალე მომენტს შექმნის.
ზეიმი სკუდეტოსთვის? მე უკვე ჩემს ავსტრიელ თანაგუნდელთან, შტეფან შვაბთან ერთად ზეიმისთვის ორგანიზება დავიწყე. იტალიურ ფეხბურთს თვალს ვადევნებთ, სერია ა-ს ბოლო ტურის მატჩს დავესწრებით.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, „ნაპოლი“ ფავორიტებს შორისაა და ფინალში გასვლა შეუძლია“.
სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 21 მატჩში 11 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზეა. მას ოსიმენი (21) და ლაუტარო მარტინესი (14) უსწრებენ. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა (10). სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, კვარაცხელიამ 30 მატჩში 14 გოლი შეაგდო და 14 საგოლე პასი შეასრულა.