Foot Mercato: „კვარა ნაპოლის შეუთანხმდა, ახალი კონტრაქტი გამოსასყიდი თანხის გარეშე“
ცნობილი ფრანგული გამოცემის, Foot Mercato-ს ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ რჩება და კლუბთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს. „კვარა“ „პარტენოპეის“ საკუთარ მომავალს 2028 წლის ზაფხულამდე დაუკავშირებს და მის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა არ იქნება გაწერილი, რაც ნეაპოლელთა პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს მისი შესაძლო ტრანსფერის თაობაზე გამართული მოლაპარაკებებისას მანევრირების საშუალებას მისცემს.
Foot Mercato-ს მიხედვით, მხარეებს ყველაფერი შეთანხმებული აქვთ და საბოლოო დეტალებიღა დარჩა მოსაგვარებელი. ახალი ხელშეკრულებით, „კვარას“ ანაზღაურება ყოველწლიურად, 2.5 მილიონი ევრო იქნება, თუმცა ბონუსების შესრულების შემთხვევაში, 4 მილიონამდე გაიზრდება. ხვიჩა „ნაპოლის“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება და ბონუსების გათვალისწინებით, ყველაზე მაღალი ხელფასის მქონე ვიქტორ ოსიმენზე (5 მილიონი) 1 მილიონით ნაკლები ექნება.
Footmercato-ს ცნობით, „ნაპოლი“ თანახმა იქნება, „კვარა“ 2024 წელს გაასხვისოს. გამოსასყიდ თანხას რაც შეეხება, ფრანგული გამოცემის მიხედვით, „პარტენოპეი“ მის სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონს მოითხოვს. თუ ხვიჩამ მაღალ დონეზე თამაში განაგრძო, შესაძლოა, ეს თანხა გაიზარდოს. Foot Mercato-ს თანახმად, კვარაცხელია ნეაპოლში თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში და დარჩენა სწორედ ამიტომ გადაწყვიტა.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე „ნაპოლის“ მაისურით 29 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა, იტალიის სერია A-ში კი მის ანგარიშზე 12 გოლი და 10 საგოლე პასია. ოსიმენმა იტალიის ჩემპიონატში თავი 21-ჯერ გამოიჩინა, ჩემპიონთა ლიგაზე - 4-ჯერ.