OneLove კამპანიაში არ ჩაერთო - ამის გამო კაპიტნობა ჩამოართვეს
ნიდერლანდების უმაღლეს დივიზიონში, ერედივიზიეში მოასპარეზე „ექსელსიორს“ ახალი კაპიტანი ეყოლება. კლუბმა გადაწყვიტა, რედუან ელ-იაკუბისთვის კაპიტნის სამკლავური ჩამოერთმია, რადგან მან LGBTQ+ თემის მხარდასაჭერ კამპანიაში, OneLove-ში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა.
გასულ უქმეებზე, ელ-იაკუბიმ უარი განაცხადა, გუნდური ფოტოს გადაღებისას, დამდგარიყო ბანერთან, რომელზეც OneLove-ი გახლდათ გამოსახული. „ექსელსიორმა“ 27 წლის უკანახაზელს გადაწყვეტილება არ მოუწონა და ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლითაც მისთვის კაპიტნობის ჩამორთმევა დაადასტურა.
„გუნდური ფოტოს გადაღებისას, OneLove-ის ბანერთან დადგომაზე უარის თქმამ, როგორც კლუბში, ისე მის მიღმა, დიდი რეზონანსი და გაუგებრობა გამოიწვია. ამან კლუბი არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენა და ხელმძღვანელებმა და ფეხბურთელმა გადაწყვიტეს, კაპიტნის სამკლავური სხვისთვის გადაელოცათ. ჩვენ ყოველგვარ დისკრიმინაციას ვეწინააღმდეგებით და გვინდა, ფეხბურთში ყველა ადამიანი იყოს ჩართული. ამავდროულად, ჩვენი მიზანი არაა, რომ განსხვავებული აზრის ქონის გამო, ვინმეს დისკრიმინაცია მოვახდინოთ და ელ-იაკუბი გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად რჩება“.
შეგახსენებთ, რომ ელ-იაკუბი ის ფეხბურთელია, რომელმაც უკრაინის ფერებში გადაწყვეტილი სამკლავურების გაკეთებაც გააპროტესტა და განაცხადა, რომ პალესტინაში ომი წლებია მიმდინარეობს, მაგრამ ამას ყურადღებას არავინ აქცევს.