“შოტლანდიას სკამზე მანჩესტერის ფეხბურთელი უზის“ - ქეცბაია მარცხის შემდეგ
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსი შოტლანდიას ესტუმრა და უშანსოდ 0:3 დამარცხდა. აღნიშნული დაპირისპირება ინტერესს იმით იწვევდა, რომ სტუმართა ნაკრებს თემურ ქეცბაია წვრთნის.
მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ქეცბაია:
„გუნდში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და იმედი მაქვს, რომ მომავალში გაცილებით უკეთესი შედეგი გვექნება. მჯერა, რომ უკეთეს გუნდთან წავაგეთ. შოტლანდიამ მოგება დაიმსახურა. იმედგაცრუებული ვარ, რადგან მაქსიმუმი ვერ გავაკეთეთ. ტაქტიკის შეცვლა ვცადე და მოედანზე შემტევი ფეხბურთელები შემოვიყვანე. ამან კი ჩვენს კარში ორი მარტივი გოლი გამოიწვია.
შოტლანდიას გამარჯვებას ვულოცავ. მათ ეს დაიმსახურეს. ჩვენს მოწინააღმდეგეს ბრწყინვალე ფეხბურთელები ჰყავს. მაგალითად, სათადარიგოთა სკამზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ მოთამაშე იჯდა. ჯგუფიდან გასვლის ფავორიტი ესპანეთია, მაგრამ რატომაც არა შოტლანდია? მეორე ადგილი თავისუფალია.“
შეგახსენებთ, რომ ეს ნაკრებები საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში საქართველოსთან ერთად იმყოფებიან. კვიპროსი შემდეგ შეხვედრას სწორედ „ჯვაროსნების“ წინააღმდეგ გამართავს, რომელიც 17 ივნისით თარიღდება.