„გმირი, რომელიც 35-ჯერ ძვირი ღირს“ - El Desmarque-ის სტატია მამარდაზე
ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ, El Desmarque-მა „ვალენსიას“ ქართველ მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე დაწერა. El Desmarque-მა CIES საფეხბურთო ობსერვატორიის მონაცემები გამოიყენა, რომელთა მიხედვითაც, „მამარდას“ სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
„გიორგი მამარდაშვილი ვალენსიასთვის ძვირფასი ფეხბურთელია. კლუბში გადმოსვლიდან მცირე დროში, ქართველი მეკარის დონეც გაიზარდა და სატრანსფერო ღირებულებაც. მიმდინარე სეზონში, იგი ვალენსიას საკვანძო ფეხბურთელებს შორისაა და CIES-ის ბოლო მონაცემებით, მისი ფასი 35 მილიონამდე გაიზარდა. მამარდაშვილი ლა ლიგაში მეხუთეა და მასზე ძვირად მხოლოდ კურტუა (60), ობლაკი (50) ტერ შტეგენი (40) და უნაი სიმონი (40) არიან შეფასებული.
ქართველი ვალენსიაში სარეზერვო გუნდში სათამაშოდ გადმოვიდა და თავბრუდამხვევ პროგრესს მიაღწია. იგი ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა და მეკარის პოზიციაზე გუნდის დაზღვევას წარმოადგენს. მამარდაშვილი ახლა 35-ჯერ ძვირი ღირს, ვიდრე დინამო თბილისიდან გადაყვანისას ღირდა.
დღესდღეობით, მამარდაშვილი ვალენსიას ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია და ის კლუბისთვის ბნელ პერიოდში ბრწყინავს. გიორგი ყველაზე სტაბილურად გამოიყურება და ლა ლიგაში, სეივების რაოდენობით მე-5 პოზიციას იკავებს. იგი გმირის სტატუსს ირგებს და ვალენსიას ეხმარება გოლი არ გაუშვას. მიუხედავად ამისა, ღამურები მაინც გასავარდნ ზონაში იმყოფებიან. ჩეს მიმდინარე სეზონში 14 წაგება აქვს და მხოლოდ ორი მატჩი იყო, როცა 1 ბურთზე დიდი სხვაობით დამარცხდა, რაც ნიშნავს, რომ ვალენსიას კარში გოლის გატანა რთულია. ეს გიორგის დამსახურებაცაა, რომელიც გუნდისთვის დაზღვევას წარმოადგენს“, - წერს ესპანური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ქართველმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 26-ვე შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. მის აქტივში 5 მშრალი მატჩია. გარდა ამისა, ესპანეთის თასზე 3-დან ორ შეხვედრაში გოლი არ გაუშვია. ასე რომ, საერთო ჯამში ამ სეზონში 7 მშრალი შეხვედრა დააგროვა, რაც აუტსაიდერი გუნდის მეკარისთვის საკმაოდ კარგი შედეგია.