„დიდი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის“ - კვარამ ქართველ გულშემატკივარს მიმართა
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე ფრანკფურტის „აინტრახტს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა, ორი მატჩის ჯამში კი ლუჩანო სპალეტის გუნდმა 5:0 გაიმარჯვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, CBS Sports-ის რეპორტიორმა ხვიჩა კვარაცხელიას სთხოვა, რომ სტადიონზე შეკრებილი ქართველი გულშემატკივრებისთვის მიმართვა ქართულად გაევრცელებინა, ხვიჩამ კი ასეთი რამ თქვა:
„ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ქართველ და ნაპოლის გულშემატკივრებს, რომლებიც 90 წუთის განმავლობაში აქაც და ტელევიზორებთანაც აქტიურად გვგულშემატკივრობენ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წარმატებულად ჩავამთავროთ ყველაფერი და ისინი უფრო მეტად გავახაროთ“.
შეგახსენებთ, რომ „აინტრახტის“ დამარცხების შემდეგ „ნაპოლიმ“ ისტორიაში პირველად მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება. ამ სტადიაზე ლუჩანო სპალეტის გუნდის მეტოქე 17 მარტს, სპეციალურ კენჭისყრაზე გაირკვევა.