„ჩვენი მოლოდინები გაამართლა“ - კარლსრუეს თავკაცი ბუდუზე
„კარლსრუეს“ მთავარმა მწვრთნელმა, კრისტიან აიხნერმა ბუდუ ზივზივაძეზე ისაუბრა. გერმანელ სპეციალისტს მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ქართველ ფეხბურთელზე ჰკითხეს და აიხნერმა განაცხადა, რომ ბუდუმ კლუბის მოლოდინები გაამართლა.
„ზივზივაძესთან მიმართებით, ყველაფერი ისე მიმდინარეობს, რომ მეტ სათამაშო დროს მიიღებს. მან ჩვენი მოლოდინები გაამართლა. რა თქმა უნდა, ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დასჭირდა და 1-2 სავარჯიშო სესია მისთვის აუცილებელი იყო, რათა რიტმი დაებრუნებინა.
ვფიქრობ, ის ხალხი, ვინც ჩვენს ვარჯიშებს თვალს ადევნებს, შეამჩნევს, მისი ჩამოსვლიდან დღემდე, რამხელა განსხვავებაა. ჩვენი მიზანი იყო, მისი პოზიციის ფეხბურთელი გადმოგვეყვანა, რათა კონკურენცია გაგვეზარდა და შანსი ბევრს მიეღო. ზივზივაძეს დრო მივეცით, რომ მომზადებულიყო და ახლა ჩვენი სათამაშო ფილოსოფია კარგად ესმის. ბოლო ორი კვირაა, ვარჯიშებზე მშვენივრად გამოიყურება და გუნდში თავი დაიმკვიდრა. ბუდუზე საუბრისას პარალელს მის თანამემამულეზე ვავლებ, რომელთან ერთადაც მითამაშია (ალექსანდრე იაშვილს გულისხმობს) და ამ წუთისთვის, მისი პროგრესით კმაყოფილი ვართ. მომდევნო კვირებში მასზე, მატჩების მიმდინარეობაზე და გუნდში განვითარებულ პროცესზე იქნება დამოკიდებული რამხელა სათამაშო დროს მიიღებს. კონკურენცია დონეს ზრდის და ეს გუნდზე კარგად მოქმედებს“.
შეგახსენებთ, რომ „კარლსრუეში“, ბუდუს დებიუტი 5 მარტს, „ჰანზას“ წინააღმდეგ შედგა. ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 84-ე წუთზე გამოჩნდა და შლაუზენერი ჩაანაცვლა. ზივზივაძის გუნდის მომდევნო მეტოქე მეორეადგილოსანი „ჰამბურგია“, რომელსაც 12 მარტს დაუპირისპირდა.