მამარდას 3 სეივი - ვალენსია 10-კაციან ბარსელონასთან დამარცხდა
ლა ლიგის 24-ე ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:0 დამარცხდა.
ტრადიციულად, ქართველი მეკარე „ღამურების“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეხვედრა 4 სეივით დაასრულა.
მამარდაშვილის კართან ბევრი რეალური მომენტი არ შექმნილა, თუმცა გოლის ეპიზოდში „ვალენსიას“ კარის დარაჯს უკეთესად მოქმედება მართებდა. შეიძლება, გამოსვლაზე თამაშს შეცდომა ვუწოდოთ, თუმცა რთული სათქმელია რა მოხდებოდა საპირისპიროდ მოქმედების შემთხვევაში, რადგან ბუსკეტსის პასის შემდეგ, რაფინია მამარდაშვილთან პირისპირ რჩებოდა. ამ შემთხვევაში, შესაძლოა მამარდას ბრაზილიელის თავურის მოგერიების უფრო მეტი შანსი ჰქონოდა. ასეა, თუ ისე ეპიზოდი საბოლოოდ გოლით დასრულდა და ჩავის გუნდმაც სწორედ ამ გოლით გაიმარჯვა.
მეორე ნახევარში „ბარსელონას“ სხვაობის ორბურთამდე გაზრდა შეეძლო, თუმცა ფერან ტორესმა მამარდაშვილის კარში დანიშნული პენალტი ვერ გამოიყენა. ესპანელის შემტევის დარტყმული ძელს მოხვდა, თუმცა ქართველმა მეკარემ დარტყმის კუთხე გამოიცნო.
მეორე ნახევარში სტუმრები რიცხობრივ უპირატესობაში აღმოჩნდნენ. 59-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა მოედნიდან რონალდ არაუხო გააძევა, თუმცა ბარახას გუნდმა ამ უპირატესობის გამოყენებაც ვერ შეძლო. „ვალენსიას“ მეორენახევარში რამდენიმე მომენტი ჰქონდა, თუმცა ტერ შტეგენის კარის ჩარჩოში ზუსტად დარტყმა მხოლოდ შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე შეძლო.
24 ტურის შემდეგ, „ვალენსიას“ 23 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში 23 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზე იმყოფება, „ბარსელონა“ კი 62 ქულით კვლავ პირველ პოზიციას იკავებს.
„ღამურები“ მომდევნო შეხვედრას 12 მარტს, საკუთარ მოედანზე ოსასუნას წინააღმდეგ გამართავენ, კატალონიელები კი სტუმრად, ბილბაოს „ატლეტიკს“ დაუპირისპირდებიან.