ჩავი ერნანდესი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

„რეალი ფავორიტია, შეცდომები არ უნდა დავუშვათ“ - ჩავისა და ანჩელოტის კომენტარები

მადრიდის „რეალისა“ და „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელებმა, კარლო ანჩელოტიმ და ჩავი ერნანდესმა წინასამატჩო პრესკონფერენციები გამართეს. ხვალ, თბილისის დროით, 23:59-ზე, „ელ კლასიკოს“ ვიხილავთ, რომელიც კოპა დელ რეის ეგიდით გაიმართება და ნახევარფინალური ეტაპის პირველი დაპირისპირებაა.

რა თქვა ანჩელოტიმ

„ხასიათი და გამბედაობაა საჭირო, ასეთ მატჩს სათანადოდ რომ შეხვდე. რა თქმა უნდა, ენთუზიაზმი არ გვაკლია და წინ ლამაზი შეხვედრა გველოდება. ფინალისგან შორს არ ვართ. ბევრი რამაა, რაც ამ მომენტით სიამოვნების მიღების საშუალებას მოგვცემს და მიზნის მისაღწევად მაქსიმუმს გავაკეთებთ. სუპერ თასი? ჩვენთვის ყველა ტიტული მნიშვნელოვანია, მაგრამ იმ შეხვედრაში თავდადება და სიძლიერე გვაკლდა და ინდივიდუალური შეცდომები დავუშვით, რომლებიც არ უნდა გავიმეოროთ. მნიშვნელოვან ტიტულთან ახლოს ვართ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ეს გადამწყვეტი შეხვედრა არაა, მაგრამ ვეცდებით, უპირატესობა გამოვიყენოთ.

სუპერ თასის შეხვედრაში განცდილი მარცხის გამო, რევანშის აღება ჩვენი მიზანი არაა. ფინალთან ახლოს ვართ და ამის გამო, ტემპერატურაც იმატებს. გასულ სეზონზე უკეთესად არ გამოვიყურებით და იმ ადგილზე ვიმყოფებით, რომელსაც ვიმსახურებთ, თუმცა ახლა რთული პერიოდი მოდის. მარტში მარტივი არაფერია, მაგრამ ვეცდებით, ბოლომდე ვიბრძოლოთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ. ნეგრეირას საქმეს რაც შეეხება, ფეხბურთში კორუფციის ადგილი არაა. არ ვიცი, ხვალ მსაჯი ვინ იქნება, მაგრამ გასამარჯვებლად 100 პროცენტით დავიხარჯებით“.

რა თქვა ჩავიმ

„რეალმა ბოლო პერიოდში ბევრი ტიტული მოიგო, ჩვენ კი ხელახლა შენების პროცესში ვართ. სუპერ თასზე ისინი ბრწყინვალე ფეხბურთის წყალობით დავამარცხეთ, მაგრამ საუბარი იმ რეალზე გვაქვს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ლივერპული გაანადგურა. გულახდილები უნდა ვიყოთ და ვთქვათ, რომ ისინი ფავორიტები არიან, მაგრამ მათთვის ზიანის მიყენება შეგვიძლია. ეს უკვე დავამტკიცეთ და შანსი ორივე გუნდს აქვს.

საკადრო პრობლემებიდან გამომდინარე, ახლა უფრო გუნდური თამაში უნდა ვაჩვენოთ, ვიდრე ოდესმე. ბურთის კონტროლი უნდა მოვიპოვოთ, მამაცები ვიყოთ და შეცდომები თავიდან მაქსიმალურად ავირიდოთ. რეალს ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებსაც შეუძლიათ, მეტოქის შეცდომებით ისარგებლონ. ხასიათი უნდა ვაჩვენოთ და ისეთი ფეხბურთი ვითამაშოთ, როგორიც სუპერ თასის შეხვედრაში ვანახეთ. ამ მატჩს ისე ვუდგებით, როგორც რეალთან გასამართ ყველა დაპირისპირებას. რთული მეტოქე გვყავს, მაგრამ ყველაფერი კამპ ნოუზე გადაწყდება. მოედანზე გავალთ, გამარჯვების მოპოვებას შევეცდებით და იმედი მაქვს, ხასიათს ვაჩვენებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რეალი ფავორიტია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კონტროლი ჩვენს ხელთ იყოს“.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „რეალის“ განმეორებითი შეხვედრა 6 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაგიური ნომერი და ბიჭი, რომელზეც გრანდები ოცნებობენ - Daily Mail-ის მაგარი სტატია კვარაზე
მაგიური ნომერი და ბიჭი, რომელზეც გრანდები ოცნებობენ - Daily Mail-ის მაგარი სტატია კვარაზე