ჩემპიონმა გამარჯვებით დაიწყო - დინამომ გორის დილას მოუგო
Crystalbet ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონი დაიწყო. მოქმედი ჩემპიონი თბილისის „დინამო“ გორის „დილას“ ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში კი უდიდესი წვლილი კამარამ შეიტანა.
აღსანიშნავია, რომ უპირატესობა მასპინძელთა მხარეს იყო, მაგრამ თბილისელთა შეტევები უფრო მწვავე გამოდგა. ანგარიში 35-ე წუთზე კამარამ ეფექტური გოლით გახსნა. ზუსტად 5 წუთში კი გეილმა კუტალაძის შეცდომით გაათანაბრა. „დინამოს“ ახალგაზრდა მეკარემ ბურთი ახლო კუთხეში გაუშვა. პირველი ნახევარი ფრედ 1:1 დასრულდა.
მეორე ტაიმში სიტუაცია არ შეცვლილა. ერთ-ერთი შეტევის დროს, კამარამ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ამჯერად საგოლე პასი გააკეთა. გოლის ავტორი კი 53-ე წუთზე სხირტლაძე გახდა.
ცნობისთვის, გუნდებმა მატჩი 10-10 ფეხბურთელით დაასრულეს. მსაჯმა მოედნიდან 54-ე წუთზე თბილისელებს ტაბიძე გაუძევა, ხოლო მე-80 წუთზე პირდაპირ წითელი ბარათი თევზაძემ მიიღო.
ასევე გეტყვით, შემდეგ ტურში გორის „დილა“ ქუთაისის „ტორპედოს“ ესტუმრება, ხოლო „დინამო“ „სამტრედიას“ უმასპინძლებს.