შერმადინი: „რთული მატჩი იყო, ისლანდია უნდა დავამარცხოთ“
საქართველოს ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა ნიდერლანდებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც ჩვენებმა 88:80 მოიგეს. „შერმინატორი“ ეროვნული გუნდის თავკაცს, ილიას ზუროსს პრესკონფერენციაზე ახლდა და განაცხადა, რომ ის და მისი თანაგუნდელები ყველაფერს იზამენ, რათა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი არ გაანიავონ.
„დღეს ბედნიერები ვართ, რადგან შესანიშნავი და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ჩემს თანაგუნდელებსა და მწვრთნელებს ამ მოგებას ვულოცავ. მატჩის დაწყებამდე, ვიცოდით, რამდენად მნიშვნელოვანი თამაში იყო და საბოლოო ჯამში, მძიმე შეხვედრა გამოვიდა. ბრძოლა პირველიდან ბოლო წუთამდე მიდიოდა და დღეს, ძალიან, ძალიან ბედნიერები ვართ. ჩემს თამაშს რაც შეეხება, საკუთარ თავს მაქსიმუმის გაკეთებისკენ ვუბიძგებ და ვცდილობ, გუნდს დავეხმარო. ვფიქრობ, როგორც მე, ისე გუნდმა, კარგად ვიასპარეზეთ.
მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ჩვენი ქვეყნისთვის ყველაფერია. ამისთვის წლებია ვემზადებით. საოცარი შანსი გვაქვს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ისლანდია დავამარცხოთ, შემდეგ კი ვისიამოვნოთ, რადგან მსოფლიოზე თამაში შესანიშნავი შეგრძნებაა. ამ შეხვედრას მთელი საქართველო ელოდება და დარწმუნებული ვარ, ტრიბუნები სავსე იქნება. ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია იქნება და ძალიან დაგვეხმარება“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მომდევნო შეხვედრა კვირას ელის და ისლანდიასთან გამარჯვების შემთხვევაში, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ისტორიაში პირველად მოიპოვებს.